მნიშვნელოვანისიახლეები

ტრეაგედიის 20 დღე- 29 ადამიანის ცხედარიდან 27 უკვე იდენტიფიცირებულია

ონის ცენტრიდან ვერტმფრენი თითქმის ყოველდღე ფრინდება – მისია გეოლოგების და ჰიდროლოგების სტიქიის ზონაში გადაყვანაა. დარგის სპეციალისტები მყინვარს და მთებს აკვირდებიან.

სპეციალისტთა ჯგუფი სტიქიის ზონაში მონიტორინგისთვის დღესაც გაფრინდა. ვერტმფრენიდან ბუბისწყლის მყინვარი და იქ არსებული მდგომარეობა შეამოწმეს. დარგის ექსპერტების თქმით ხეობაში ღვარცოფის ან სხვა ბუნებრივი პროცესების დაწყების საფრთხე არ არსებობს.

გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები კოორდინირებულად მუშაობენ იმ უწყებებთან, რომლებიც სტიქიის ზონაში უკვე 20 დღეა იმყოფებიან. მეხანძრე-მაშველები და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაოებს 60 კილომეტრიან ფართობზე ატარებენ. ცოცხალ ძალასთან ერთად მძიმე ტექნიკაა მობილიზებული მდინარეებში – რიონსა და ჭანჭახში მიმდინარეობს კალაპოტების ფორმირების პროცესი.

3 აგვისტოდან დღემდე მეხანძრე- მაშველებმა 29 ადამიანის ცხედარი იპოვეს. 27 უკვე იდენტიფიცირებულია, მათ შორის ერთ-ერთი ლევან რაზმაძეა. ოჯახმა დნმ ანალიზის პასუხები დღეს გაიგო. დაღუპული, რამდენიმე დღის წინ, მჟავე წყლების ტერიტორიაზე ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხეობაში ღვარცოფის ჩამოსვლის დროს, რაზმაძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

უწყვეტად მიმდინარეობს 4 დაკარგულის ძებნის პროცესი. სპეციალური ღონისძიებების არეალი უკვე ამბროლაურამდე აღწევს.

შოვში გეოლოგები მუშაობენ – დღის განმავლობაში, ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ითქვა, რომ ისინი აკვირდებიან მწვერვალს და სტიქიის ზონაში არსებულ სურათს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის წარმომადგენლის, ვიტალი მაჭავარიანის განცხადებით, ამ ეტაპზე, სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს.

“ამ მომენტისთვის მდგომარეობა სტაბილურია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის და გეოლოგიის თანამშრომლები იმყოფებიან მყინვართან, ახორციელებენ მონიტორინგს 24/7-ზე და აკვირდებიან ყველა პროცესს. ამ მომენტისთვის არ ველოდებით მსგავსი სტიქიის განვითარებას. რაც შეეხება დასკვნას – გარემოს ეროვნულ სააგენტოს აქვს მომზადებული წინასწარი დასკვნა, რომელიც გამოქვეყნებულია,” – აცხადებს ვიტალი მაჭავარიანი.

პარალელურად, სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა ოთხი ადამიანი, რომელთაგან 3 ბავშვია, 1 კი ზრდასრული.
შოვში, 3 აგვისტოს მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 29 ადამიანი ემსხვერპლა, 4 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button