ტრეფიკინგში ბრალდებულს კახეთში პატიმრობა შეეფარდა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სიცოცხლის მოსპობით დასრულებული ადამიანით ვაჭრობის ფაქტზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მცხოვრებ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ვერსიით, 2001 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მასთან სამუშაოდ, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში, მისგან დაქირავებულ, დროებით სარგებლობაში მქონე ფერმაში, 2019 წელს მიიყვანა და საცხოვრებლად სათანადო პირობებს დაპირდა.
შეთანხმების მიუხედავად, ფერმის მეპატრონემ დაქირავებულ პირს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ჩამოართვა, აკონტროლებდა მის თავისუფალ გადაადგილებას და საცხოვრებლად საქონლისთვის განკუთვნილ სადგომში მოათავსა.
დამქირავებელი სისტემატურად ძალადობდა დაქირავებულზე. ერთ- ერთი შემთხვევის დროს, რუსეთის მოქალაქემ, ნეკნების მძიმე მოტეხილობა მიიღო, თუმცა ფერმის მფლობელს მისთვის სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩენია. უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ დაქირავებულს, დამქირავებელი კვლავ მუშაობას აიძულებდა და ფიზიკურად ძალადობდა მასზე.
7 მარტს დაქირავებული პირი კვლავ ძალადობის მსხვერპლი გახდა და 10 მარტს, ის გარდაიცვალა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები, ვერულაშვილების კუთვნილ ფერმაში მოხდა, რომელიც ოჯახს გაქირავებული აქვს.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლის მამაკაცს, 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.