მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

118 ქალაქი და სოფელი- ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიებს კვლავ ანადგურებენ

უკრაინის განცხადებით, რუსეთის ძალებმა 31 ოქტომბერს იერიშები მიიტანეს 118 ქალაქსა და სოფელზე, რაც მიმდინარე წელს ერთ დღეში თავდასხმის ყველაზე დიდი რიცხვია.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 ნოემბერს აცხადებს, რომ თავდასხმები მოხდა უკრაინის 10 რეგიონში. სამინისტროს ცნობით, რუსეთის არმიამ მიზანში ამოიღო ნავთობის გადამამუშავებელი საწარმო პოლტავის რეგიონის ქალაქ კრემენჩუკში, სადაც ცეცხლის ჩაქრობას 100-მდე მეხანძრის მუშაობა დასჭირდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 ოქტომბერს დაიცვა უკრაინის კონტრშეტევის ნელი ტემპი – კონტრშეტევის მიზანია კონტროლის დაბრუნება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 31 ოქტომბერს, ღამით, თავის გამოსვლაში ზელენსკიმ თქვა, რომ მსოფლიო წარმატების ხილვას სწრაფად მოელის და რომ როცა 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ცოტას თუ სჯეროდა, რომ უკრაინა ამას გაუძლებდა.

უკრაინის ძალების მიერ ივნისში დაწყებული კონტრშეტევის მიუხედავად, ბოლო თვეებში 1000-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღნიშნულა.

უკრაინის რეგიონების უმრავლესობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული რუსეთის მორიგი შეტევის გამო.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხედრო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დრონებით და რაკეტით შეუტიეს კურსკის ოლქიდან და პრიმორსკ-ახტარსკიდან. უკრაინელი სამხედროები რუსეთის სამიზნეებს არ აკონკრეტებენ.

საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 20-დან 18 უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-136/131 და გაანადგურეს მართვადი საავიაციო რაკეტა Х-59.

დრონებით დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე იყო პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუგის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დარტყმის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

გუშინ ღამით ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ხერსონის ოლქის სოფელ ჩაიკინეზე მიიტანეს, რასაც 58 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.

ამავე დროს, მისი თქმით, იერიშის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი.

ხერსონის ოლქის პროკურატურის ცნობით, ოკუპანტებმა სოფელ ჩაიკინეს მიმართულებით, ჯამში 30 რაკეტა 31 ოქტომბრის 10:00 საათზე გაუშვეს, ხოლო სამიზნეებს ოლქის დასახლებების საცხოვრებელი უბნები, სერვისის სადგური და საწყობები იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button