რეგიონი

წალენჯიხაში საკრებულოს დეპუტსტი გელა აბულაძე დააკავეს

წალენჯიხაში საკრებულოს დეპუტსტი გელა აბულაძე დააკავეს. ის პარტია “საქართველოსთვის” წევრია. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დილით უკანონოდ დააკავა მათი მაჟორიტარი დეპუტატი – პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და წალენჯიხის 2021 წლის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.

მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სუსმა კონკრეტულ საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დაიწყო, გელა აბულაძესა და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნით, რაც ვერ შეძლეს და რაზეც პარტიას არაერთხელ უსაუბრია.

“ოცნების” ხელისუფლება ვერ ეგუება წაგებულ არჩევნებს მუნიციპალიტეტებში და ცდილობს პოლიტიკური მოცემულობის და მოქალაქეთა არჩევანის ცვლილებას უკანონო დაკავებებით, მოსყიდვით, მუნიციპალიტეტების საბოტაჟით და ა.შ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ მუნიციპალიტეტში ჩვენი სიით გასული საკრებულოს ერთ-ერთი წევრი არჩევნებიდან მალევე მოისყიდეს და გადაიბირეს.

იმ ფონზე, როდესაც რეგიონში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული და დანაშაულებრივი ომის პირობებში, ოკუპირებული ქვეყანა, უსაფრთხოების კონტექსტში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, “ოცნება” იცლის პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად და მოქალაქეთა მიერ 2021 წელს დაფიქსირებული არჩევნების შედეგების უკანონოდ შესაცვლელად, რაც ევროინტეგრაციის გაცხადებულ კურსს ნამდვილად არ უწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებას დღემდე არ გამოუძიებია მამის საფლავზე მისულ, სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ლიდერზე – მალხაზ თორიასა და მის არასრულწოვან შვილზე ფიზიკური თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღით მუქარის ფაქტი”, – აცხადებს ბერდია სიჭინავა.

პარტია “საქართველოსთვის” პერიოდულად საუბრობს, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახდენს მათი გუნდის წევრებზე სხვადასხვა გზით.

რაც შეეხება მალხაზ თორიას, “საქართველოსთვის” სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ხელმძღვანელის განცხადებით, დაახლოებით 7 ადამიანი მას და მის არასრულწლოვან შვილს 30 დეკემბერს, მაშინ დაესხა თავს, როცა ის ზუგდიდის სოფელ კოკში, მამის საფლავზე იმყოფებოდა. ერთ-ერთ თავდამსხმელს თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. მათ წააქციეს ის და უთხრეს, რომ არასწორი პოზიცია ჰქონდა და ამისთვის ისჯებოდა – “ჩვენ რატომ გვეწინააღმდეგებიო”.

მალხაზ თორია მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო, 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება, 151-ე მუქარა და 187-ე სხვისი ნივთის დაზიანება.

აღნიშნულ ფაქტზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის თეა შონიას ჩართვას ახალ ამბებში:

მსგავსი პოსტები

Back to top button