მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას სთავაზობს

“გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს დაიცავს… გადაიყვანეთ ის თუნდაც უკრაინაში, ევროპის ქვეყნებში ან აშშ-ში”- უკრაინის პრეზიდენტი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს გადაწყვეტილება პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ. თემაზე ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ის ამბობს, რომ, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილის თავს ხდება, საქართველოს არ შეეფერება და ეს უნდა შეწყდეს.

“მინდა მივმართო ყველა ჩვენს მეგობარს და კეთილსინდისიერ ადამიანს საქართველოში. ალბათ, ყველამ ნახეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მივმართავ ქართველ ერს და საქართველოს ხელისუფლებას – აუცილებელია წყალობის გამოვლენა, განსაკუთრებით შობის წინა დღეს. ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, ბოროტებაა, ეს საქართველოს არ შეშვენის. ეს უნდა შეჩერდეს. გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მის სიცოცხლეს დაიცავს. გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში. ზუსტად ახლა არის დრო, რომ კეთილი საქმე გააკეთოთ. დიდება უკრაინას,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა მზადაა მიიღოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

“შეუძლებელია უყურო, როგორ კვდება პირდაპირ ეთერში ადამიანი, რომელსაც იცნობ. ცივილიზებული სამყაროს თვალწინ შეუძლებელია, საქართველოს ისტორიისა და მისი პრეზიდენტის სიკვდილის ყურება. უკრაინა მზადაა, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი, გარანტირებული იყოს მისი უსაფრთხოება და სათანადო მკურნალობა. საქართველო, გააკეთე სწორი არჩევანი”, – თქვა პოდოლიაკმა.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ – 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

მსგავსი პოსტები

Back to top button