,,წამლის გაძვირება ადამიანის სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირშია” -აზარაშვილი

მედიკამენტების ფასი 300-400%-ით იყო მომატებული. წამლის ასე გაძვირება ადამიანის სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირშია, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, 4 ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან დანაშაულის ეს ფორმა, გამოყენებული იყო როგორც მძიმე პაციენტების, ისე სახელმწიფოს მიმართ.
„ამ შემთხვევაში ზარალი, სამწუხაროდ მხოლოდ რიცხვებში არ გამოიხატება. ეს უშუალოდ ადამიანების სიცოცხლესთანაა კავშირში. ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ეს იყო მიზანმიმართული, წინასწარი შეთანხმებით გაძვირებული ფასები.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტებს სახელმწიფო იძენს,ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ მედიკამენტებზე ხდებოდა ხელოვნურად ერთიანი ფასების დაწესება, რათა სახელმწიფოს სხვა ალტერნატივა არ ჰქონოდა და იძულებული ყოფილიყო, რომ მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასით შეეძინა.
აღნიშნულის შესახებ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მარტის თვეში ვაცნობეთ. მედიკამენტების ფასი 300-400 %-ით იყო მომატებული.წამლის ესე გაძვირება ადამიანის სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირშია.
თუ კონკრეტული მედიკამენტი 2 000 ლარი ღირდა, 25 000 ლარიან ლიმიტში პაციენტს 12 კოლოფისა და ცოტა მეტის შეძენა შეეძლო, 5000-ის შემთხვევაში კი მხოლოდ 5 კოლოფის. მას შემდგე რაც პაციენტები ლიმიტს ამოწურავდნენ, ისინი წამლის გარეშე რჩებოდნენ,თუმცა ამ გაუგონარი ქმედების შემდეგაც, ჩვენ ამ ადამიანებს რეფერალური დახმარების პროგრამებით მაინც ვაფინანსებდით”, -განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, 2021-2023 წლის პერიოდში, 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში ფასების ფიქსაციას.
მისი განმარტებით, აღნიშნული ქმედება კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევაა და, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს 53 მილიონ ლარამდე ჯარიმის მოცულობის გადახდა დაეკისრათ.
“მოკვლევის ფარგლებში, დადგინდა, რომ 2021-2023 წლის პერიოდში, 4 კომპანიის მიერ, რომლებიც აღნიშნულ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობდნენ, ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს ანუ ფასების ფიქსაციას. სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, იდენტიფიცირებულია 42 მედიკამენტი, სადაც 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას. კერძოდ: კომპანიების მიერ, სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები, ერთი თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ჯამში, კომპანიებს დაეკისრათ 53 მილიონ ლარამდე მოცულობის ჯარიმა”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მიღებული გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა მედიკამენტზე მაღალი ფასნამატის შესახებ – კონკურენციის ეროვნული სააგენტო ამ ეტაპზე მონაცემებს ამუშავებს და დაახლოებით იანვარში, ალბათ, მორიგ მოკვლევას დავიწყებთ, – ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საკითხი ეხება მედიკამენტებს, რომლებზეც ამ ეტაპზე რეფერენტული ფასი არ ვრცელდება და მათზე 400%-იანზე მეტი ფასნამატი ვლინდება.
„ეს ეხება მედიკამენტებს, რომლებზეც ჯერჯერობით არ ვრცელდება რეფერენტული ფასი, თუმცა საბაჟო ღირებულებიდან საცალო ფასამდე ფიქსირდება ძალიან მაღალი ფასნამატი – 400%-ზე მეტი, რომლებიც რიგ შემთხვევაში 3 000%-ზეც კი არის. ჩვენი მიზანია, ჯანდაცვის სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, იდენტიფიცირება გავუკეთოთ აღნიშნულ მედიკამენტებს, იმპორტიორ თუ რეალიზატორ კომპანიებს და იმ შემთხვევაში თუ ბაზრებზე აღმოჩნდებიან დომინანტები, მოკვლევის დაწყების საფუძველი გვექნება დომინანტური მდგომარეობის შესაძლო არასათანადო გამოყენების კუთხით. არ ვიცით, რომელ კომპანიებზეა საუბარი, შესაძლოა იყოს ჩვენთვის უცნობი იმპორტიორი კომპანიებიც. შეიძლება მოცულობაშიც დიდები არ არიან, მაგრამ კონკრეტული მედიკამენტების შემომტანები იყვნენ და ბაზარზე შემცვლელები არ გააჩნდეთ და ერთადერთები იყვნენ ბაზარზე“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძე.