მნიშვნელოვანისიახლეები

“წავიდა, არ მოგვისმინა”-აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან შეკრებილი დევნილები პრემიერს ვერ შეხვდნენ

საქართველოს უახლესი ისტორიის კიდევ ერთი მძიმე დღე. სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ქვეყანა აფხაზეთის ომში დაღუპულებს გლოვობს. მათი ხსოვნის პატივსაცემად ყველა სახელმწიფო ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან შეკრებილი დევნილების ერთი ჯგუფი ცდილობდა მემორიალთან მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მისვლას, რისი საშუალებაც დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს.

აფხაზეთის ომში, ოჩამჩირეში, დაღუპული ავთანდილ ვაწაძის დედამ, თინა გახოკიძემ, მოგვიანებით მედიასთან თქვა, რომ პრემიერთან სურდა ესაუბრა თავისი შვილის გადმოსვენების საკითხზე.

„ამდენი ხალხი გადმოასვენეს, ჩემი შვილი ვერ გადმოასვენეს, რომელიც არ არის საძებარი, იციან სად გადააგდო აფხაზმა. ის დაიღუპა ოჩამჩირის რაიონში, ტანკზე აფეთქდა. 30 წელი გავიდა. მინდოდა მეთხოვა, რომ ჩემს სიცოცხლეში გადმოასვენონ და ობოლმა ბავშვებმა იცოდნენ, მათი მამა სადაა, მაგრამ წავიდა, არ მოგვისმინა”, – უთხრა ჟურნალისტებს თინა გახოკიძემ.

“წითელი ჯვრის” ინფორმაციით, ოთხმოცდაათიანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 2300-ზე მეტი ადამიანი. “წითელმა ჯვარმა” მოიძია 600-ზე მეტი ნეშტი, აქედან ამოიცნეს და ოჯახს გადასცეს 230 ცხედარი.
თინა გახოკიძეს და მის თანმხლებ ქალს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე ესაუბრა.

“დღეს არის გლოვის დღე. ყვირილით და პროვოცირებით გლოვის დღეს არავინ არ ხვდება. მიეცით ადამიანს საშუალება, რომ ნუგეში გამოგითქვათ”, – მიმართა კობა კოლაძემ ქალებს, რომლებმაც თქვეს, რომ წუხან, რომ პრემიერი მათთან არ მივიდა.

30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმი დაეცა. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს დროშები დაუშვეს სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე.

გმირთა მოედანზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. მათ გმირთა მოედანი უკომენტაროდ დატოვეს.

მანამდე ამ დღესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადება გაავრცელა მისმა პრესსამსახურმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ერთგულია „კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი.“

„მშვიდობა ის საფუძველია, რომელზეც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად უნდა ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა. მჯერა, რომ მომავალი აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ეკუთვნის”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი სიტყვებით, „სოხუმის დაცემით დასრულდა თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა, აფხაზეთის ომი“. რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება კი საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება.
პრემიერი განცხადებაში უსამძიმრებს ომის მსხვერპლთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.

1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა, შტაბის სარდლობამ და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძემ სოხუმი დატოვეს. სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის დარღვევაშიც საქართველომ რუსეთი დაადანაშაულა.

სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. ამას წინ უძღოდა ცხინვალის რეგიონიდან(სამხრეთი ოსეთი) დაწყებული რუსეთ-საქართველოს ომი. მოსკოვმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნო „სამხრეთი ოსეთიც”.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, მთავრობის წევრებსა და თბილისის მერთან, კახი კალაძესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მოგვიანებით, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, რუსლან აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

„სოხუმის დაცემის დღე სრულიად საქართველოს და ჩვენი ერის განუზომელი ტკივილის განსახიერებაა და ის აცოცხლებს ასობით ათასი ადამიანის ტრაგიკულ ისტორიას, რაც შედეგად მოჰყვა რუსეთის მიერ ინსპირირებულ 90-იანი წლების შეიარაღებულ მოქმედებებს. დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ ჩვენს თანამემამულეებს, გმირებს, სამხედრო მოსამსახურეებს, მშვიდობიან მოსახლეობას და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და ერთიანობის რწმენას. ვფიქრობ, დღეს მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ომის სისასტიკესთან ერთად, ჩვენ კარგად გვახსოვს აფხაზთა და ქართველთა ერთმანეთის ღირსეული თანადგომის, ადამიანური თანაგრძნობის და მხარდაჭერის, მეგობრობის მაგალითებიც, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში მშვიდობიანი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრების ისტორია აკავშირებდათ. სწორედ ეს კავშირები და ჩვენი ერთობა არის საწინდარი, ვფიქრობ, ის მყარი ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ უნდა დავამყაროთ გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც განაპირობებს შერიგებას და ვფიქრობთ, რომ ამ სულისკვეთებით შევძლებთ ჩვენი ხალხის გაერთიანებას, მათთვის კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლის შექმნას ძლიერ, განვითარებულ და ევროპულ სახელმწიფოში,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და მისი აპარატის წარმომადგენლები ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ. სახალხო დამცველი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს და აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა და გაესაუბრა.

„დღეს არის ტრაგიკული დღე ჩვენს ისტორიაში, სოხუმის დაცემის დღე. ამავე დროს, ეს არის დღე, რომელმაც ბევრი რამ უნდა გვასწავლოს სამომავლოდ. პირველ რიგში, უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას აფხაზებთან, როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას ოსებთან. მგონი, ერთადერთი, როგორც შეიძლება თანაცხოვრება გვქონდეს ამ ხალხთან, არის მშვიდობა და ის გარემო, სადაც არ არის ომი. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღევანდელ დღეს ჩემგან, როგორც სახალხო დამცველისგან იყოს გზავნილი მათდამი, რომ მათთან ჩვენი თანაცხოვრების ერთადერთი ფორმა უნდა იყოს მშვიდობა და ამ ურთიერთობის მშვიდობიან გარემოში გაგრძელება. სადაც არ არის მშვიდობა, იქ არ არის ადამიანის უფლებები. მე იმედი მაქვს, რომ თქვენთან ერთად ჩვენ, ყველანი, მოვესწრებით იმ დღეს, როდესაც ერთად გადავალთ ამ ხიდზე და არა მარტო აქ, არამედ იქითაც, აფხაზეთში ვიმუშავებთ ჩვენი მოქალაქეების უფლებებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ძალიან უხეშად არის შელახული და დარღვეული“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

მოგვიანებით, ლევან იოსელიანი გამყოფ ხაზთან სოფელ რუხის მოსახლეობას შეხვდა.

გვწამს, რომ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებთან დიალოგის, თანამშრომლობის გზით შევძლებთ 30 წლის წინ ჩატეხილი ხიდის აღდგენას და ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

დავითაშვილმა თანაგრძნობა გამოხატა ყველა იმ ადამიანის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს დაიღუპნენ.

„30 წელი გავიდა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული თარიღიდან – 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, რასაც მალე აფხაზეთის, ძირძველი ქართული მხარის, ოკუპაცია და ანექსია მოჰყვა. მინდა, თანაგრძნობა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს დაიღუპნენ. აფხაზეთი იყო, არის და დარჩება საქართველოს ტკივილად და მთავარ გამოწვევად საქართველოს ყველა მთავრობისთვის. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ დავბრუნდეთ აფხაზეთში, არამედ იქ მცხოვრებმა თითოეულმა ჩვენმა თანამემამულემ იგრძნოს თავი საქართველოს მოქალაქედ როგორც დე იურე, ისე დე ფაქტო. მათ, საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად, უნდა მიიღონ კუთვნილი უფლებები და პრივილეგიები, ჩაერთონ ჩვენი ერთიანი სამშობლოს განვითარებასა და წინსვლაში. დღეს აფხაზეთი კვლავ ანექსირებულია. ენგურის ხიდის მეორე მხარეს საოკუპაციო ძალები დგანან და ჩვენს მოქალაქეებს გაღმა ნაპირიდან ხიდის გადმოსვლა მხოლოდ სპეციალური ნებართვის შედეგად შეუძლიათ. ამის მიუხედავად, ჩვენ გვწამს, რომ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან დიალოგისა და თანამშრომლობის გზით შევძლებთ 30 წლის წინ ჩატეხილი ხიდის აღდგენას და ერთიან და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მშვიდობას, განვითარებას არ აქვს ალტერნატივა, რათა ისევ გაერთიანდეს ჩვენი სამშობლო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობას და აფხაზებთან ერთად ცხოვრების პერსპექტივას ალტერნატივა არ აქვს.

„ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული თარიღია უახლეს ისტორიაში – სოხუმის დაცემის დღე. ეს თარიღი, რა თქმა უნდა, ერთნაირად მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული ქართველისთვის. ამ დღეს მოჰყვა ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების, ჩვენი გმირი მებრძოლების შეწყვეტილი სიცოცხლე, დევნილად ქცეული მოსახლეობა, გახლეჩილი საქართველო. მინდა, პატივი მივაგო ტერიტორიულ მთლიანობას შეწირულთა ხსოვნას და ხაზი მინდა გავუსვა, რომ მშვიდობას, განვითარებას არ აქვს ალტერნატივა, რათა ისევ გაერთიანდეს ჩვენი სამშობლო და ყველამ ერთად შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას და თანაცხოვრებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button