მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“წელს ეკლესიაში ვერ მივალ”

ამ წელს სხვა ვითარებაა, ამ წელს მე ეკლესიაში ვერ მივალ. ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რადგან ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი , – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის კანონს ვერ დაარღვევს და ამ კუთხით სამაგალითო უნდა იყოს.

„3 დღეში ბზობაა, 10 დღეში კი აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როდესაც არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე, ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება. თუმცა, ამ წელს სხვა ვითარებაა, ამ წელს მე ეკლესიაში ვერ მივალ. ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რადგან ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი.“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჭირში სოლიდარობა ყოველთვის იყო საქართველოს კულტურისა და ღირებულებების დამახასიათებელი თვისება. პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოებას ასეთი ერთსულოვანი სოლიდარობა კიდევ დასჭირდება, ვინაიდან წინ დიდი ეკონომიკური და სოციალური სირთულეებია.

პრეზიდენტმა 9 აპრილის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული ვითარების გამო, წელს საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება.

“ბევრი ვერ მივიდა მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგანაც დიდი ნაწილი საზოგადოების ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება, არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი. ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდევაც სახლში უფრო გავიაზროთ, რას ნიშნავს ეს დღეს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოსთვის თუ რამდენად მძიმე და ამავე დროს სიმბოლური დღე არის დღეს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა მიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ კრიზისი ჯერ არ დასრულებულა და საზოგადოებას სახლში დარჩენისაკენ მოუწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button