მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ცესკო: არჩევნებზე 12 საათისთვის მივიდა 358 782 ადამიანი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17,18%-ია. პირველ ტურში აქტივობამ 17,72% შეადგინა.

ეს ნიშნავს, რომ არჩევნებზე 12 საათისთვის მივიდა 358 782 ადამიანი.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.

არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეეტში ტარდება, სადაც მერებს აირჩევენ. გარდა ამისა, 24 საარჩევნო ოლქში მოსახლეობამ 42 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს.

ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მეორე ტურში მონაწილეობენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“(41) და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“(5) მიერ წარდგენილი კანდიდატები:

თბილისი – ნიკანორ მელია(5) და კახა კალაძე(41);

რუსთავი – დავით კირკიტაძე(5) და ნინო ლაცაბიძე(41);

ქუთაისი – ხატია დეკანოიძე(5) და იოსებ ხახალეიშვილი(41);

ფოთი – გიორგი უგულავა(5) და ბექა ვაჭარაძე(41);

ბათუმი – გიორგი კირთაძე(5) და არჩილ ჩიქოვანი(41).

ამ ორი პარტიის მერობის კანდიდატები მონაწილეობენ 15 თვითმმართველი თემიდან 12-შიც, 3-ში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატების კონკურენტები არიან საარჩევნო სუბიექტების, „გახარია-საქართველოსთვის“(25) და „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის(38) კანდიდატები და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი(56):

თელავი – გიორგი ბოტკოველი(5) და ლევან ანდრიაშვილი(41);

თიანეთი – თამაზ მეჭიაური(38) და ლევან წიკლაური(41);

ქარელი – ნიკოლოზ ახალკაცი(5) და ზაზა გულიაშვილი(41);

ხაშური – იოსებ ბუაძე(5) და თენგიზ ჩიტიაშვილი(41);

ცაგერი – ბესარიონ ბენდელიანი(25) და გიორგი ნემსაძე(41);

ბაღდათი – გიორგი რობაქიძე(5) და კახა ენუქიძე(41);

წყალტუბო – ზაზა მეტრეველი(5) და გენადი ბალანჩივაძე(41);

ოზურგეთი – ავთანდილ თალაკვაძე(41) და კონსტანტინე შარაშენიძე(56);

სენაკი – კობა ნაყოფია(5) და ვახტანგ გადელია(41);

მარტვილი – თეიმურაზ ჯანაშია(5) და თორნიკე ჯანაშია(41);

ხობი – ბესიკ შენგელია(5) და დავით ბუკია(41);

ზუგდიდი – ანზორ მელია(5) და მამუკა წოწერია(41);

წალენჯიხა – გიორგი ხარჩილავა(5) და გოგა გულორდავა(41);

ჩხოროწყუ – ბადრი ქარჩავა(5) და დათო გოგუა(41);

ხელვაჩაური – მიშა ბოლქვაძე(5) და ზაზა დიასამიძე(41).

საქართველოს 64-დან 44 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს გაიმარჯვეს „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა. ახალმა მერებმა უფლებამოსილების შესრულება 27 ოქტომბრიდან დაიწყეს.

საკრებულოს მაჟორიტარი წევრების არჩევნების მეორე ტური თბილისში მიმდინარეობს მხოლოდ ერთ, საბურთალოს ოლქში. ასევე, ყვარლის, ახმეტის, თიანეთის, რუსთავის, დუშეთის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ონის, ლენტეხის, სამტრედიის, ჭიათურის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ჩოხატაურის, სენაკის, მარტვილის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ქედის, ხელვაჩაურის და ხულოს საარჩევნო ოლქებში. უმრავლეს შემთხვევაში ერთმანეთის კონკურენტები არიან „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ასევე, მონაწილეობენ „გირჩი-მეტი თავისუფლების“, „გახარია-საქართველოსთვის“, „ლელოს“, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, „თავისუფალი საქართველოს“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ და „ევროპელი სოციალისტების” კანდიდატები. 24 საარჩევნო ოლქიდან ოზურგეთია ერთადერთი, რომლის ერთ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი.

თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად – 50%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისთვის 40%-იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button