ცესკო: არჩევნებზე დაფიქსირებული ყველა მცირე დარღვევა აღმოფხვრილია
საპარლამენტო და საკრებულოს შუალედური არჩევნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ცესკო-ში პირველი შეფასება გაკეთდა. როგორც სპიკერი ანა მიქელაძე ამბობს არჩევნებზე ყველა მცირე დარღვევა აღმოფხვრილია.
„მხოლოდ ერთ უბანზე მარტვილში 10 წუთით შეფერხდა ხმის მიცემის პროცედურა, რადგან მარკირების აპარატი დაზიანდა, მაგრამ პრობლემა აღმოიფხვრა. ასევე საგარეჯოს მე-5 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა დააფიქსირა ბიულეტენებისთვის საჭირო კონვერტებს აკლდა ერთი კონვერტი. მოხდა თავიდან გადათვლა და დანაკლისი არ დაფიქსირდა,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.
დღეს ქვეყანაში პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. საკანონმდებლო ორგანოს შუალედური არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში ტარდება, საკრებულოსი კი დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.
ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა.