მნიშვნელოვანისიახლეები

ცესკო-მ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა-,,ქართულმა ოცნებამ“ – 1 120 053 ხმა მიიღო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 508 294. არჩევნებში მონაწილეობა 2 111 834 -მა ამომრჩეველმა მიიღო. საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ესენი არიან:

ქართული ოცნება;
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა;
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა;
ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!;
გახარია საქართველოსთვის.
საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ 53.93% მიიღო. მანდატების რაოდენობა 89 , კოალიცია ცვლილებისთვის 11.03 %, მანდატების რაოდენობა 19. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა 10.17% მანდატების რაოდენობა 16, კოალიცია ძლიერი საქართველო 8.81% მანდატების რაოდენობა 14, გახარია საქართველოსთვის 7.78 %. მანდატების რაოდენობა 12.
ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმი სხდომაზე კომისიის მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა წარადგინა.

“წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს და მის მონაცემებს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 508 294. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 2 111 834. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა იყო 34 974. ერთ-ერთი უბანი მარნეულის ოლქში, 69-ე უბანი, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 1 643, კანონმდებლობის შესაბამისად, იქ იყო გაბათილებული შედეგები. ახლა წარმოგიდგენთ სუბიექტებს და სუბიექტების მიხედვით, მანდატების განაწილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“ – 229 161 ხმა მიიღო და 11.03%, მანდატების რაოდენობაა 19; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 211 216 ხმა, 10.17%, მანდატების რაოდენობა 16; “ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 82 922 ხმა, 8.81%, მანდატების რაოდენობა 14; „გახარია საქართველოსთვის“ – 161 521 ხმა, 7.78%, მანდატების რაოდენობა 12; „ქართული ოცნება“ – 1 120 053 ხმა, 53.93%, მანდატების რაოდენობა 89“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა და შესაბამისად ახლადარჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 150 წევრისაგან.

საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარება. არჩევნები რომ კარგად ადმინისტრირებული იყო, დასტურდება სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (ეუთო/ოდირი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ (ENEMO), „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისათვის“ (EPDE)) წინასწარი განცხადებებით, შეფასებებითა თუ დასკვნებით კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით.

საარჩევნო ადმინისტრაციამ კომპანია „სმარტმატიკთან“ თანამშრომლობით 26 ოქტომბრის არჩევნებზე პირველად გამოიყენა ასეთი ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიები და სწორედ ამან მისცა ადმინისტრაციას საშუალება, კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 45 წუთში წარედგინა წინასწარი პირველადი შედეგები. არჩევნების დღემ დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის ორწლიანმა დაუღალავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და პროცესის დაგეგმარება/ორგანიზება ყველა ეტაპზე იყო სწორად წარმართული. აპარატებმა იმუშავეს გამართულად და ამომრჩეველიც ადვილად ადაპტირდა ახალ ტექნოლოგიებთან.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, არჩევნებში მონაწილე 2 მილიონზე მეტ ამომრჩეველს, მედიას, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ისტორიული არჩევნები, რომელზეც ამომრჩევლის 90% სარგებლობდა ტექნოლოგიების გამოყენებით, შედგა და ყველა წინასწარი დასკვნით თუ მონაცემით, ტექნოლოგიური არჩევნების მართვა განხორციელდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. შესაბამისად, საქართველოში საარჩევნო ტექნოლოგიები დამკვიდრდა. შემაჯამებელი ოქმი შედგა, ხელმოწერილია და შესაბამისად, არჩევნები დასრულდა. შესაბამისი დოკუმენტაცია გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში შემდგომი პროცედურების განსახორციელებლად“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების მანდატების რაოდენობის შესახებ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების მიხედვით.

მსგავსი პოსტები

Back to top button