მნიშვნელოვანისიახლეები

ცესკო ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ამ ეტაპზე რეგისტრაციას ვერ გაუუქმებს

საარჩევნო კანონმდებლობა ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ მომართვის და არც პირადი განცხადებით მომართვის შემთხვევაში.
როგორც ცესკო განმარტავს, არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ.

ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ცესკო „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და “კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით მიმართვას ეხმაურება.

ცესკო-ს განცხადებით, პარტიებმა მანიპულაციის გზა აირჩიეს, რითაც, სავარაუდოდ, ცესკოზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობენ.

„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა მხარეებმა ზედმიწევნით იციან, რომ კანონმდებლობით ეს შეუძლებელია, მათ, ამ საკითხთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც არჩევნების შეფასებისას, მანიპულაციის გზა აირჩიეს, რითაც, სავარაუდოდ, ცესკოზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობენ.

საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა სხვა შემთხვევის მსგავსად, ამ საკითხთან მიმართებაშიც ზედმიწევნით დაიცავს კანონს.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით კი განვმარტავთ, რომ საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ.

ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს“, – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

კოალიცია ცვლილებისთვისა და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ხელმოწერით საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს.

დღეს, 11 ნოემბერს, ორმა ოპოზიციურმა პარტიამ („ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“), რომლებიც, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში ხვდება, ცესკოში სიების გაუქმებაზე საჯაროდ განაცხადა. ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსაც ამ გზით გამოუცხადა ბოიკოტი. ცესკომ ე.წ. სათადარიგო სიები გააუქმა, საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ კი ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობას უარი უთხრა მანდატების გაუქმებაზე.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მომავალ პარლამენტში ოთხი ოპოზიციური პარტია შედის. მათგან ორი სიების გაუქმებას აპირებს. ამ ეტაპზე უცნობია, რა გეგმა აქვთ პარტიებს, „ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია – საქართველოსთვის“.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button