ცესკო საზღვარგარეთ დამატებით 7 უბანს გახნის – ჯამში 67 იქნება
საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ, დამატებით შვიდ ქალაქში გაიხსნება უბნები. გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს. ცესკოს გადაწყვეტილებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ დამატებით ექვსი საარჩევნო უბანი იხსნება. საარჩევნო უბნები გაიხსნება: ამერიკის შეერთებულ შტატებში – ნიუ-იორკში; გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში – ბერლინში; ესპანეთის სამეფოში – ბარსელონაში; იტალიის რესპუბლიკაში – რომში; საბერძნეთის რესპუბლიკაში – ათენსა და სალონიკში; საფრანგეთის რესპუბლიკაში – პარიზში. ათენსა და ნიუ-იორკში 4-4 საარჩევნო უბანი იქნება, სალონიკში 3 უბანი, ბერლინში, ბარსელონაში, რომსა და პარიზში კი 2-2 უბანი. უბნები იმ ქალაქებში დაამატეს, სადაც საარჩევნო უბნები უკვე იყო.
ცესკოს ცნობით, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებისთვის უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჯამში 26 სექტემბრის სხდომაზე ცესკომ პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო უფლების მქონე 65 508 პირისთვის 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი იქნება.
სწორედ დამატებით 30 326 ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უზრუნველყოფის მიზნით განიხილა ცესკომ დამატებითი უბნების გახსნა.
ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე ასევე, განხილეს სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი, რომელიც კომისიამ არ დააკმაყოფილა. ამ თემაზე განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომელიც ცესკოს სტრასბურგში უბნის გახსნისკენ მოუწოდებს:
“იქიდან გამომდინარე, რომ სტრასბურგიდან საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება მინიმუმ 400 საქართველოს მოქალაქე და რაც მთავარია, სტრასბურგში არსებობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის თაობაზე,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ.
ასევე, ცესკომ დღევანდელ სხდომაზე სამსჯელოდ არ მიიღო ისრაელში ერთადერთი საარჩევნო უბნის გაუქმების საკითხი, რომელზეც საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა და უსაფრთხოების რისკებს უკავშირდებოდა.
განახლებული მონაცემებით, საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ია.
შეგახსენებთ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, საარჩევნო უბანი გახსნას საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგშიც. ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არაერთხელ შეხვდა საქართველოში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს, მათ შორის, საფრანგეთის ელჩს და მიიღო სრული მხარდაჭერა დამატებითი უბნების გახსნაზე.