ცესკოს სხდომაზე შემაჯამებელი ოქმების გაბათილებაზე მსჯელობენ
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა გრძელდება.
10 ნოემბერს, დილის 11:30 საათისთვის დაიწყო ცესკოს მორიგი სხდომა, სადაც კვლავ განიხილავენ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს.
მათ შორის არის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციი“, ასევე პარტიების – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები.
ამ წუთებში, ცესკოს სხდომაზე შემაჯამებელი ოქმების გაბათილებაზე მსჯელობენ. “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოს” და საია-ს საჩივრები 73-ვე ოლქის შედეგების გაბათილებას ითვალისწინებს.
ისინი მიიჩნევენ, რომ არჩევნები უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევით ჩატარდა, – შეიძლებოდა დადგენა, თუ ვის არ მისცა ან მისცა ხმა ამომრჩეველმა, – რაც არჩევნების შედეგების გაუქმების საფუძველია.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ისინი ასევე მიუთითებენ ხმის მიცემის ფარულობს დარღვევაზე.
ისინი ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია.
საარჩევნო ადმინისტრაცია, ამ წუთებში, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივარს განიხილავს რომელიც დიდი ბრიტანეთის შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას ითხოვს.
“ატვირთული იყო სხვა შემაჯამებელი ოქმი, სადაც არ იყო განსაზღვრული ამომრჩეველთა რაოდენობა, კენჭისყრის დღეს რამდენმა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, ჩვენ მიერ ვერ დადგინდა ბალანსი პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებულ ხმების რაოდენობასა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა, ტოლი იყო თუ არა არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობისა. ამის შემდგომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე აიტვირთა სხვა შემაჯამებელი ოქმი, სადაც უკვე განსაზღვრული იყო ამომრჩეველთა რაოდენობა, რასაც თან არ ახლდა, თუნდაც საუბნო-საარჩევნო კომისიის ახსნა-განმარტება. ამიტომ ბუნდოვანია ჩვენთვის აღნიშნული საკითხი და სწორედ ამიტომ არის საჩივარი წარმოდგენილი,” – აცხადებს საიას წარმომადგენელი.
რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის განცხადებას, მისი თქმით, აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
“იმ მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც უკვე მონაწილე ამომრჩევლების, ბათილი ბიულეტენებისა თუ სუბიექტების მიერ ხმების ჯამსა და ბალანსს იძლევა, აბსოლუტურად დგება ტოლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი იურიდიული დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი პროექტი არის ის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შესაბამისი საჩივარი,” – აცხადებს გიორგი სატურიანი.
არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.
ევროპის სხვა ქვეყნები და აშშ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობას დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ და „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვების მილოცვისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.