ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ჯო სი ბაქსტერის ჯილდო გადაეცა

საარჩევნო პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ჯო სი ბაქსტერის ჯილდო გადაეცა. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა (IFES) დაჯილდოების ცერემონიას ვაშინგტონში 2 ოქტომბერს უმასპინძლა. თამარ ჟვანიას ჯილდო IFES-ის პრეზიდენტმა ბილ სუინიმ გადასცა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.- ამის შესახებ რადიო ჰერეთს ცესკოდან აცნობეს.

დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ IFES-ის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი ვიცე-თავმჯდომარე ჯუდი ბლექი, კონგრესმენი დევიდ პრაისი და ამერიკის შტატების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ლუის ალმაგრო, მათ ჩარლზ მანატის დემოკრატიის ჯილდო გადაეცათ.

ბაქსტერის ჯილდო, რომელიც 9 წლის წინ IFES-ში დაარსდა, საარჩევნო ადმინისტრაციებში იმ ადამიანების წარმატებულ საქმიანობას აღნიშნავს, რომლებიც  ყოველდღიურ პრაქტიკაში უწყობენ ხელს ადგილობრივი საარჩევნო პროცესების განვითარებას, გამჭვირვალობას და შემდეგ უკვე ამ პროცესების მდგრადობის შენარჩუნებას (ჯო სი ბაქსტერი თავად ამ პრინციპებს ემსახურებოდა წლების განმავლობაში IFES-ის უფროსი მრჩევლის რანგში).

ის პირადი და პროფესიული მიღწევები, რაც დადებით გავლენას ახდენს ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაზე, ეფექტური ადმინისტრირება, მოქალაქეების უფლებების დაცვა განვითარებად ქვეყნებში, დემოკრატიული პრინციპების ხელშეწყობა – ეს იმ კრიტერიუმების არასრული ჩამონათვალია, რითაც ფასდებიან ბაქსტერის ჯილდოს ნომინანტები.

IFES-ი, 2009 წლიდან დღემდე, დაჯილდოების ცერემონიით აღიარებს იმ პროფესიონალების გამორჩეულ მიღწევებს, რომლებიც თავისი საქმიანობით ყოველთვის ცდილობენ ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვას, თავისუფლებას და დემოკრატიას.

ჯო სი ბაქსტერის ჯილდოს მიღება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა.- აღნიშნავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button