მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

უსაფრთხო მედიაგარემოს მოთხოვნით ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

უსაფრთხო მედიაგარემოს მოთხოვნით ჟურნალისტებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორი “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”იყო.

აქციის ორგანიზატორების თქმით, 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად თავს დაესხნენ, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუმსხვრიეს ტექნიკა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში:

მათი შეფასებით, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება, რაც რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, დროულად და ეფექტიანად მოხდეს 5 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმის გამოძიება და შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა.

შეგახსენებთ ,“თბილისი პრაიდის” მიერ, 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარში” მოძალადე ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა. დილას მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ღირსების მარშის” რუსთაველის გამზირზე ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

5 ივლისს დილიდან სასულიერო პირები საპატრიარქოს ორგანიზებით და მოძალადე ჯგუფები თბილისის სხვადასხვა ნაწილში თავს დაესხნენ მედიას. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 55 პირზე იძალადეს, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივლისს ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობისა და მედიის წარმომადგენლების საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე ამ დროისათვის მხოლოდ 7 პირია დაკავებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button