მნიშვნელოვანისიახლეები

ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს იარაღის ტარების უფლება ექნებათ ასევე სახელმწიფო კომპენსაციები დაენიშნებათ

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს

„ქართული ოცნების“ პარლამენტში, ამავე პარტიის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, მათ შორის თავმჯდომარეს, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება ენიჭებათ. ამავე პროექტით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ცესკოს იმ წევრებს შეუნარჩუნდებათ, რომლებიც უფლებამოსილების ვადის ბოლო 4 წლის განმავლობაში უფლებამოსილებას უწყვეტად ახორციელებდნენ.
ამის შესაძლებლობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ წევრს არ ექნება, რომლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით.

კანონპროექტი 2025 წლის 22 იანვარსაა შეტანილი „ქართული ოცნების“ დომინირებულ, სადავო პარლამენტში. მის მიღებას, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე გეგმავენ.

კანონპროექტი იმავე საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომლითაც დაგეგმილია ცესკოს თავმჯდომარისა და წევრებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიცემა.

კანონპროექტის როგორც ინიციატორები, ისე ავტორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური და თენგიზ შარმანაშვილი. ასევე – „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი.

ცვლილებები ეხება იარაღის შესახებ კანონს.

ეს კანონი ამჟამად უკვე განსაზღვრავს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე თანამდებობების 19 კატეგორიას.

მათ შორის იარაღის ტარების უფლება უკვე აქვთ:

თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა სამინისტროების, ასევე სუსის, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის „უფლებამოსილ მოხელეებს“;
მოსამართლეებს და სასამართლოს მანდატურებს;
მთავრობის წევრებსა და პარლამენტარებს და ა.შ..
ინიციირებული კანონპროექტით კი ამ ჩამონათვალს ემატება კატეგორია „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედ წევრს“.
შეგახსენებთ პირებს, რომელთაც „იარაღის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ, ცესკოს წევრები ემატება.
კომისიის ისეთ წევრს, რომელსაც კანონდარღვევა უდასტურდება სასამართლო გადაწყვეტილებით, ეს უფლება არ ექნება.
ზოგადად, ცესკოს, – 2021 წლის ცვლილებების შემდეგ, – აკომპლექტებს არაუმეტეს 17 წევრი.
ამჟამად, – პარტიების წარმომადგენლების მიერ კომისიის დატოვების შემდეგ, – ცესკოს აკომპლექტებენ თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და კომისიის კიდევ შვიდი წევრი.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს საზოგადოების ნაწილი, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოთხი ოპოზიციური პარტია და სამოქალაქო ორგანიზაციების დიდი ნაწილი. ისინი პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. კითხვები აქვთ ასევე საერთაშორისო პარტნიორებს.

„ჩვენ, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები არ ვცნობთ და არ ვაღიარებთ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“, – აცხადებს ოთხი პარტია. ესენი არიან: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. „ეს არ იყო კენჭისყრა, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა საქართველოში და დემოკრატია გაუქმდა ქვეყანაში, გაუქმდა პოლიტიკური გაერთიანებები და ამაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, ბატონო გიორგი, და თქვენ, ბატონო გიორგი ჯავახიშვილო“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და მდივანს, გიორგი ჯავახიშვილს, 2024 წლის 10 ნოემბერს, არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე.

„ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლითაც ცესკო წევრებს სახელმწიფო კომპენსაციები დაენიშნებათ. დოკუმენტი სადავო პარლამენტში გუშინ, 27 იანვარს დარეგისტრირდა.

„სახელმწიფო კომპენსაციად“ ცესკოს თითოეულ წევრს დაენიშნება ხელაფასის მესამედი თანხა. ცესკომ წევრების ხელფასები 2024 წლის 30 დეკემბერს გაიზარდა. ყოველთვიური ხელფასები ასე ნაწილდება:

თავმჯდომარე – 12 410 ლარი (მოსალოდნელი კომპენსაცია – 4137 ლარი);
კომისიის თითოეული წევრი – 9928 ლარი (მოსალოდნელი კომპენსაცია – 3309 ლარი).
2025 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის ადამიანების პენსია 350 ლარი გახდა, უფრო ხანდაზმულების შემთხვევაში – 450 ლარი.

„კანონპროექტის მიზანია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომ – ცესკო), თავმჯდომარისა და წევრებისთვის მათი მაღალი სახელმწიფოებრივი სტატუსისა და ფუნქციების გათვალისწინებით, სათანადო სოციალური დაცვის გარანტიების დადგენა“, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა (გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი) წარადგინეს.

სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ:

65 წელს მიღწერული პირები, რომლებსაც ცესკოს წევრად მუშაობის 5-წლიანი, უწყვეტი სტაჟი აქვთ;
ცესკოს წევრად მუშაობის 25-წლიანი სტაჟის მქონე ადამიანები (ამ შემთხვევაშიც ადამიანს უწყვეტად ნამუშევარი უნდა ჰქონდეს 5 წელი);
კომენსაცია არ გაიცემა მათზე, ვის მიმართაც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა სასამართლოს ექნება დადგენილი.
კომპენსაციების მიღება ცესკოს წევრებს შეეძლებათ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ.

ამავე საკანონმდებლო პაკეტით „ქართულ ოცნებას“ უნდა ცესკოს წევრებს იარაღის ტარების უფლება მისცეს. დღევანდელი კანონმდებლობით, ეს უფლება აქვთ:

თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა სამინისტროების, ასევე სუსის, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის „უფლებამოსილ მოხელეებს“;
მოსამართლეებს და სასამართლოს მანდატურებს;
მთავრობის წევრებსა და პარლამენტარებს და ა.შ.. სადავო პარლამენტი კანონპროექტებს იღებს მაშინ, როცა მის ლეგიტიმაციას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, მეხუთე პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მრავალრიცხოვანი აქციები იმართება თბილისსა და სხვა ქალაქებში.

2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ მათ მიიღეს კანონები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს აქციის მონაწილეთა უფლბებს და ამავდროულად, 2,5-ჯერ გაიზარდეს საკუთარი ხელფასები.

მსგავსი პოსტები

Back to top button