“ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ!”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა საგანგაშოა და მოქალაქეებმა უფრო მეტად უნდა დაიცვან მთავრობის და მედიკოსთა რეკომენდაციები.
„გუშინდელი სიგნალი და ნახტომი უკვე სერიოზულია, ამიტომ ერთი წუთი მოდუნებისა და დამშვიდების უფლება არ გვაქვს. ქალაქში ისევ დადის ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ადამიანები ისევ იკრიბებიან, ეს დაუშვებელია, ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ! მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეტყვით. 300-ს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია სწრაფი ზრდა იყოს კიდევ უფრო მეტად, ამის ნიშანი გუშინ გვქონდა ჩვენ. თუ ჩვენ მოვადუნეთ დღეს სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში. რამდენიმე ათასეულიდან იანგარიშეთ, რომ 20-30%-ს დასჭირდება ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული ღონისძიებები, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და სამწუხაროდ, გვექნება დანაკარგი. ამიტომ ამას ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და ვთხოვ საქართველოს მოსახლეობას, რომ დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო. დარჩი სახლში, დაიცავი დისტანცია, არ შევიკრიბოთ სამ ადამიანზე მეტი, არ გავმართოთ დიდი ქეიფები, ქორწილები, შევიკავოთ თავი”, – განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვირუსი უკვე ყველა სოციალურ ფენაშია გავრცელებული.
“30-ეს უკვე ძალიან ბევრის მანიშნებელია და ეს 30 არის ძირითადად 12 კლასტერში. ეს არის ე.წ. ირანის, იტალიური, ეროვნული ბანკის, მარნეულის, ქობულეთის კლასტერი და ა.შ. 10 ინფიცირებული მედიცინის მუშაკი გვყავს უკვე და დღეს დაგვიდასტურდა ასევე პირველი შემთხვევა სასულიერო პირში, ანუ, შემთხვევები გახლავთ უკვე ყველა სოციალურ ფენაში. ვირუსმა, მოგეხსენებათ, არ იცის, ვინ ვინ არის, ვინ რომელი პროფესიის წარმომადგენელია, ვინ ვისი შვილი, ვინ ვისი მამაა”, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, სასაფლაოებზე შეკრების ტრადიციისგან თავი შეიკავოს.
“ყველას გვინდა ბრწყინვალე შვიდეულის დროს ჩვენს მიცვალებულებთან საფლავზე მისვლა, კვერცხის გაგორება თუ ერთი ჭიქის დალევა, ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ იქნებ წელს თავი შევიკავოთ ამ ტრადიციისგან. იქნებ წელს ოჯახიდან თითო ადამიანი გავიდეს სასაფლაოზე, ისიც იმ პერიოდში, როდესაც საგანგებო მდგომარეობა არ იქნება. ამიტომ, ამ ორი კვირის განმავლობაში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ პიკში არ შევიდეთ.“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 296 შემთხვევაა დადასტურებული.