მნიშვნელოვანისიახლეები

წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.7 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში — -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.0 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ბოსტნეული და ბაღჩეული (-19.1 პროცენტი),

ზეთი და ცხიმი (-4.9 პროცენტი),

პური და პურპროდუქტები (-2.7 პროცენტი),

რძე, ყველი და კვერცხი (-1.6 პროცენტი),

ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6 პროცენტი).

ამასთან, ფასები გაიზარდა თევზეულზე (3.3 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რაც 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.8 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8-პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.0 პროცენტი) და ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (1.3 პროცენტი)”, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ინფლაციის დონე უკვე ჩამოსცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს, გვაქვს ინფლაციის შემცირების ტენდენცია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ამისი მიზეზია სწორი მონეტარული პოლიტიკის გატარება და მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

„უახლოესი ინფორმაცია, რომელიც ინფლაციაზე გამოაქვეყნა საქსტატმა, გვეუბნება, რომ საქართველოში, წინა თვესთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა ინფლაცია და წლიურმა ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის დონე უკვე ჩამოსცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს. იცით, რომ ინფლაცია სამ პროცენტზე გვქონდა დაგეგმილი. წინა თვესთან შედარებით, ფასების დონე 0.7 პროცენტით შემცირდა და საქართველოში 2022 წლის მაისის შემდეგ ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია სწორ მონეტარულ პოლიტიკასთან და იმ ნაბიჯებთან, რომლებიც მთავრობამ გადადგა. ეს ნაბიჯები უკავშირდებოდა მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც მთავრობა აწარმოებს და კონკურენციის მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც ბაზარზე კონკურენციის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. შესაბამისად, ეს აისახა ფასებზე. სურსათის, ნავთობის ფასები შემცირდა მსოფლიოშიც, საერთაშორისო ბაზრებზე. ზოგადად, საერთაშორისო ტენდენციაც მსგავსია, იმავე ევროზონაში ინფლაცია დაახლოებით 5.5 პროცენტია, თუმცა უფრო ნაკლებად ხდება ინფლაციის შემცირება სხვა ქვეყნებში. ბევრ ქვეყანაში ინფლაცია ჯერ კიდევ გამოწვევაა და ზოგიერთ ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნაა, მიუხედავად შემცირების ტენდენციისა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა.
………………

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.7 პროცენტით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.

ფასები, უმეტესწილად, მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე – 27.9 პროცენტით;

პირადი ჰიგიენა – 10.7

პროცენტით, ხოლო სხვა სახის მომსახურება გაძვირებულია 91.0 პროცენტით.

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (9.1 პროცენტით), ისე თამბაქოს ნაწარმზე (5.3 პროცენტით).

მსგავსი პოსტები

Back to top button