წინასწარი პატიმრობა, სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე დაკავებულისთვის

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, წყნეთში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ყანჩაველს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული გ.ყ., 3 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კრწანისში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, წყნეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთი პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, 1982 წელს დაბადებული ე.ზ. იმავე დღეს, 10 დეკემბერს, ხულიგნობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.