ანალიტიკამნიშვნელოვანისიახლეები

“ქართული ოცნება” ეჭვს გამოთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილმა დავით გარეჯი გაყიდა

“ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე დღეს, 30 სექტემბერს, სპეციალურ ბრიფინგზე, დავით გარეჯის თემას გამოეხმაურა.

მან განაცხადა, რომ საკითხის პოლიტიზებას არ აპირებს და იქვე ეჭვი გამოთქვა, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დავით გარეჯი 70-80 მილიონად გაყიდა.

ობახიძემ საკითხთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობაც” დაადანაშაულა. კობახიძე გამოძიების შედეგებს ელოდება. 

მოისმინეთ ირაკლი კობახიძის ხმა

 

აპირებენ, გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს და გავყიდეთ ქართული მიწა, – აცხადებს უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილი ამბობს, რომ ყველა შეხვედრაზე აყენებდნენ საკითხს, რომ საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯი ყოფილიყო ბოლომდე დაკანონებული.

მიხეილ სააკაშვილი

” მინდა, გითხრათ, რა აქვთ ამ პროვოკაციის შემდეგი ეტაპები – ისინი აპირებენ, ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან, ამ ტერიტორიების გასხვისების. შემდეგ, ისინი აპირებენ, გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს – 70 მილიონი თუ 80, რაც დაიბადება „ეფესბეს“ პროპაგანდისტებისა და ივანიშვილის თავში, ამ მიწების გასხვისებისთვის და მერე ამაზე ააგებენ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა. სიმართლე არის სრულაიდ საწინააღმდეგო.

ჩემი მმართველობის დროს, ყველა შეხვედრაზე ჩვენ ვაყენებდით საკითხს იმისა, რომ საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯი ყოფილიყო ბოლომდე დაკანონებული, როგორც საქართველოს სუვერენული ტერიტორია. უფრო მეტიც, ჩვენ სერიოზული პროგრესი გვქონდა აზერბაიჯანთან ამ მიმართულებით და მთავარი ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ჩვენ დროს, ვერავინ ვერ გაბედავდა ქართველები არ შეეშვათ გარეჯში და ახლა, ივანიშვილის დროს, ქართველ მომლოცველებს, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეებს ჩაუკეტეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს ძეგლში შესვლა, ჩაუკეტეს საშუალება შეხების საკუთარ სიწმინდეებთან, საკუთარ ისტორიასთან, საკუთარ კულტურასთან.

ეს მოხდა ამათ დროს. ამავე დროს, ამათ დროს ჩვენი ურთიერთობები ყველა ჩვენს მეზობელთან ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმზე და ეს არის ძალიან საშიში სიტუაცია. ის, რომ ეს პროვოკაცია ხდება, იმ დაძაბულობის და ომის ფონზე, რაც ახლა მიმდინარეობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სადაც აქტიურად მონაწილეობს, რა თქმა უნდა, მოსკოვი, ესეც ხომ არ არის შემთხვევითი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ 29 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 24 სქტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“.

ზალკალიანის განცხადებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხსაც შეეხო საუბარი.

დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მხარის მიერ მოპოვებულმა ახალმა მასალებმა პროცესს სხვა მიმართულება მისცეს და 2006-2007 წლებში მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს.

„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გვქონდა საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის შესახებ საუბარი. მოგეხსენებათ, გასულ წელს გარკვეული ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, როდესაც გარკვეულწილად შეიცვალა სტატუს-კვო და მომლოცველებს შეექმნათ გარკვეული პრობლემები სალოცავებთან მისვლის კუთხით. ასევე, იყო გარკვეული ინფრასტრუქტურის, ობიექტების მშენებლობა საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, მაგრამ ჩვენც აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, რათა კომისიის ფარგლებში მომხდარიყო ამ საკითხების განხილვა. საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ სრულად განვაახლეთ კომისიის შემადგენლობა, ახალი შემადგენლობაა ქართული მხრიდან,

მიმდინარე წელს რამდენიმე შეხვედრა იყო დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გამო ეს შეხვედრები ვერ შედგა. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ კომისიის მუშაობა გაჩერებული იყო. ჩვენ ერთი დღითაც არ შეგვიწყვეტია საქმიანობა, ყველა უწყება ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში და უნდა გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან ასევე, მოძიებულია ახალი კარტოგრაფიული მასალები და ახალი დოკუმენტები, სხვადასხვა ექსპერტული დასკვნა. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი, აზერბაიჯანულ მხარეს მივაწოდე ეს ახალი გარემოებები და მასალები, რომელიც ჩვენი მხრიდან არის მოპოვებული.

ახალმა გარემოებებმა შესაძლოა, გარკვეულწილად პროცესის ახლებური მიმართულება წარმოშვას, მათ შორის არ გამოვრიცხავ, რომ იგივე 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს, მაგრამ მე ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ახალ მასალებზე დაყრდნობით და მთელ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება პროგრესი. კომისიამ უნდა განაახლოს მუშაობა, უნდა დაჯდეს, შეისწავლოს ყველაფერი, რათა ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდეს ორმხრივად მისაღებ ფარგლებში, როგორც საქართველოსთვის, ისე აზერბაიჯანისთვის, ისე, როგორც ჩვენს სტრატეგიული პარტნიორობას შეეფერება.

მე ახლა ვერ ვისაუბრებ ამ ახალ გარემოებებზე. მოგეხსენებათ, ეს მასალები უნდა იყოს შესწავლილი, დამუშავებული, ეს არის სამუშაო პროცესი მხარეებს შორის და ორივე მხარეს აქვს საკმაოდ კონსტრუქციული მიდგომა ამ საკითხზე. იმედს ვიტოვებ, მუშაობა გაგრძელდება ურთიერთგაგების და მეგობრული სულისკვეთებით, ისე როგორც შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

არქიმანდრიტი, დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი მამა ილარიონი აცხადებს, რომ 1938 წლის რუკა არის მნიშვნელოვანი, რომელითაც შეთანხმების მიხედვით უნდა ეხელმძღვანელათ მხარეებს.არქიმანდრიტის თქმით, სიმართლე აუცილებლად გამომჟღავნდება.

მოუსმინეთ არქიმანდრიტ ილარიონის ხმას, რომელისც “რუსთავი2”-მა გაავრცელა.

 

დავითგარეჯა ( დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი ) — ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის სერზე.

ისტორია

კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.

დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა ვითარებაში მას განშტოებები შეემატა. გარეჯა ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც „გარეჯის მრავალმთის ათორმეტნი მონასტერნი“. „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს: მეფე დემეტრე II-ის დროს სადუნმა „იქმნა კეთილიცა საქმე მონასტერთა და გლახაკთა მიმართ, რომელი დღეთა ცხოვრებისა მისისათა მან მისცა ყალანი და მალი ათორმეტთა უდაბნოთა გარეჯისათა და განათავისუფლა ქუეყანა გარესჯისა და მსახურებდა მეფესა დიმიტრის“. აკადემიკოსი გ. ჩუბინაშვილი გარეჯის მონასტრების „ათორმეტად“ მოხსენიების საკითხს გვერდს ვერ აუვლიდა, მაგრამ რადგან ხელთ არსებული მასალები მხოლოდ შვიდი მონასტრის ლოკალიზების საშუალებას აძლევდა, ამიტომ სხვა მეცნიერების მსგავსად იგიც „თორმეტს“ ქრისტიანულ რელიგიაში გავრცელებულ სიმბოლურ საკრალურ რიცხვს უკავშირებდა.

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, „გარეჯის მთას არს მონასტერნი კლდესა შინა გამოკვეთილნი, სენაკნი, ტრაპეზნი, პალატნი; ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი. ნათლისმცემელს ზის არქიმანდრიტი, ჩიხტიტურს ზის წინამძღვარი, დავით-გარეჯას არქიმანდრიტი, ბერთუბანს წინამძღვარი. არამედ ყოფილა მონასტერნი მრავალნი ვიდრე მწარე წყალმდე და მოწესიტა სავსენი, ხოლო აწ არს ხუთი მოწესია მყოფი“.

პლატონ იოსელიანი, დავითის ლავრის გარდა, ჩამოთვლის კიდევ თერთმეტ მონასტერს: აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, დოდოს რქა, იოანე ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თეთრ-სენაკები, მაღაზანა ანუ მღვიმე, ქოლაგორი, მოხატული, ვერანგარეჯა და პირუკუღმარი.

ვახტანგ VI-ს თავის ერთ-ერთ ლექსში მოხსენიებული აქვს დავითის ლავრა, ბერთუბანი, ჩიჩხიტური, ნათლისმცემელი, წამებული, დოდო.

ადრეფეოდალური ხანის ტერიტორიული განაწილების მიხედვით, გარეჯის მონასტრებს, კახეთის საორეპისკოპოზოს სამხრეთ სასაზღვრო ზონაში უფრო ადრე კამბეჩანის, ხოლო შემდგომ კუხეთის ტერიტორია ჰქონდათ დაკავებული. ეს მონასტრები მტკვრის პარალელურად გადაჭიმულ გარეჯის მთებსა და ივრის ხეობის ქვედა წელის მიდამოებში განლაგებულ ხრიოკ კლდეებში მდებარეობენ.

შემდეგში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებულინათლისმცემელიჩიჩხიტურითერთრსენაკებიდოდოს რქაუდაბნოაღდგომისა წამებულიბერთუბანიმღვიმექოლაგირიდიდი ქვაბებივერანგარეჯაპირუკუღმარიპატარა ქვაბები.

დავითგარეჯის მონასტერთა საქმიანობა თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე საერთოდ კულტურულ ცხოვრებაში. XII საუკუნის დასაწყისში დავით IV აღმაშენებელმა დავითგარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია, ხელს უწყობდა მათ დაწინაურებას. მონასტრები გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისაგან. 1265 მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით დაარბია და მოაოხრა დავითგარეჯა და მისი მიდამოები.

XIV საუკუნის I ნახევარში, გიორგი V ბრწყინვალის მეფობაში, დავითგარეჯა მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა. მონასტერთა მესვეურნი მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზის მუშაობაში და ქვეყნის საეკლესიო საქმეთა მართვაში. XIV საუკუნის ბოლოს თემურლენგის მრავალგზის ლაშქრობების დროს, სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. 1424 წელს ალექსანდრე I დიდმა დავითგარეჯა მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიას შესწირა. 1616-1617 წლებში სპარსელთა ლაშქარმა დაარბია, მონასტრები გაუქმდა. 1639 წელს თეიმურაზ I-მა აღადგინა აქ სამონასტრო ცხოვრება XVIII საუკუნეში დავითგარეჯა კვლავ მეფის ხელდებული გახდა. მას ეკუთვნოდა ვრცელი მამულები და სოფლები, იქ მოსახლე გლეხები სამონასტრო ყმებად ითვლებოდნენ. დავითგარეჯის მონასტრებმა XIX საუკუნის დასასრულამდე იარსება.

დავითგარეჯის სამონასტრო მშენებლობამ თავის მწვერვალს საქართველოს საერთო ეროვნულ და კულტურულ-პოლიტიკური აღმავლობის დროს, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მიაღწია. დავითგარეჯში გამომუშავდა სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის საკუთარი წესი, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა.

ამ პერიოდის დავითგარეჯის მონასტრების სახე მკვეთრად განსხვავდება ადრინდელი პერიოდის მონასტრებისაგან. მთავარ ეკლესიებსა და სატრაპეზოებში ადრინდელი უბრალოებისა და უშუალობის ნაცვლად თავი იჩინა დიდებულებამ, გრანდიოზულობამ, ინტერესმა ფართო, თავისუფალი სივრცისადმი. შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებდა მთავარი ეკლესიებისა და საერთო სატრაპეზოების კედლების მოხატულობა. დავითგარეჯის მხატვრობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქტიტორთა მრავალრიცხოვანი გამოსახულებები, მ. შ. საქართველოს მეფეთა პორტრეტები (თამარ მეფე და მისი ძე გიორგი IV ლაშა — ბერთუბნის ეკლესია, ამჟამად — ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი; მეფე დემეტრე II თავდადებული — უდაბნოს მონასტრის ხარების ეკლესიის მოხატულობა). ქტიტორთა პორტრეტები ზომით ბევრად ჭარბობს რელიგიური პერსონაჟების გამოსახულებებს, რაც მოწმობს ქართველი ოსტატის დამოუკიდებლობად ბიზანტიური ხელოვნების მიერ დაკანონებული სქემებისაგან. აღსანიშნავია ბერთუბნის სატრაპეზოს მოხატულობა, რომელიც საზეიმო და დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. უდაბნოს მთავარ ეკლესიაში გამოსახულია სცენები დავით გარეჯელის ცხოვრებიდან ასევე საინტერესოა უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიის აფსიდის მოხატულობაც, რომელიც გამოირჩევა მეტყველი სახეებით და დინამიკურობით.

გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ცალკეული სამონასტრო კომპლექსი ურთიერთშორის დაკავშირებული იყო საგუშაგო და სასიგნალო კოშკებით, რომლებმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. საინტერესოა ბოლო საუკუნეების (XVII, განსაკუთრებით XVIII საუკუნე) ცალკეული გამოქვაბულები, რომლებიც გაჯის ნაძერწი მორთულობითაა გაფორმებული.

სხვადასხვა დროს დავითგარეჯის მონასტრებში მოღვაწეობდნენ ონოფრე გარეჯელი (XII ს.), დემეტრე I, ონოფრე მაჭუტაძე (XVII-XVIII საუკუნეების მიჯნა), სულხან-საბა ორბელიანი, ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (XVIII ს), გაბრიელ საგინაშვილი (XVIII ს), გრიგოლ დოდორქელი, ანტონ I, ტიმოთე გაბაშვილი, გაბრიელ მცირე და სხვა. გარეჯელი მოღვაწეები წერდნენ ხელნაწერებს, ადგენდნენ კრებულებს, დახმარებას უწევდნენ კულტურის სხვა კერებს. დავითგარეჯში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი ფონდი.

მსგავსი პოსტები

Back to top button