მნიშვნელოვანისიახლეები

წითლიძის აღსარება ასე შეაფასა ოცნებამ მისი განცხადება სადაც ამბობს რომ ,,ნაც მოძრაობამ,, 2024 წელს არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 10%-ი მიიღო

გახარია, ხაზარაძე და ახლა უკვე ანა წითლიძე – მმართველ გუნდში ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, მესამე ბარიერგადალახული პარტიის რიგით მესამე პოლიტიკოსია, ვინც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები აღიარა. საუბარია ანა წითლიძის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის პარტიამ, არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 10%-ი მიიღო . პოლიტიკოსის ეს პოზიცია “ქართული ოცნებისთვის” მორიგი დასტურია, რომ შედეგებთან დაკავშირებით შეკითხვები არც ქვეყნის შიგნით ოპოზიციას და არც მათ დასავლელ პარტნიორებს არ უნდა ჰქონდეთ.

ანა წითლიძის მხრიდან მოხდა პირდაპირი აღიარება, რომ არანაირი არჩევნები არ გაყალბებულა. სწორედ ცესკო-ს მიერ დადგენილი შედეგები არის რეალური და ნამდვილი. სწორედ ამ პროპორციას ესადაგება წითლიძის ეს განცხადება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ანი წითლიძე ამბობს, რომ არჩევნებში ზუსტად ის ციფრი და პროცენტები მიიღეს, რაც ცესკო-ს მონაცემებშია ასახული“.

მათიკაშვილის თქმით, არჩევნები არ გაყალბებულა და საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებას ვხედავდით.

დავით მათიკაშვილის განმარტებით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რატომ დაიგეგმა საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება?

„სხვათა შორის, ბოლო პერიოდში წითლიძე გულწრფელობით გამოირჩევა. არ ვიცი, ეს ქვეცნობიერია თუ სხვა რამის დამსახურება, მაგრამ მისი მხრიდან ის სიმართლე ითქვა, რაც ცესკო-ს მონაცემები და არჩევნების შედეგები იყო. რადიკალები ავრცელებდნენ ცრუ მესიჯს, თითქოს არჩევნები გაყალბდა. კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, მათ ეს ყველაფერი რაში სჭირდებოდათ, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება რატომ დაგეგმეს? იქნებ მხოლოდ იმიტომ, რომ მომხდარიყო დელეგიტიმაცია ხელისუფლების, „დიფ სთეითის“ მიზნები შესრულებულიყო და საქართველო მძიმე პროცესებში ჩართულიყო, რაც უკრაინაში ომს უკავშირდება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” აღიარებად აფასებს “ქართული ოცნება” ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე 200 000 ხმა მიიღო.

მმართველ გუნდში დღეს გაიხსენეს “ლელოს” და გახარიას პარტიის წევრების ანალოგიური შინაარსის განცხადებები და თქვეს, რომ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და თან ასახელებს პროცენტებსა და ხმების რაოდენობას, რომელიც მათმა პარტიებმა აიღეს.

“წარმოუდგენელია, 12 საათის განმავლობაში რამე ყოფილიყო გაყალბების მსგავსი და ვერავის გაეგო, ან შეემჩნია და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ამ ყველაფერს არ მოჰყოლოდა. ეს კიდევ ერთი ტყუილია, რომელიც ოპოზიციას უნდოდა, რომ საკუთარი ამომრჩევლისთვის დაეჯერებინა. ეს ყველაფერი აქციაზე უკვე აისახა. ოპოზიცია ისევ აპირებს, რომ ამომრჩეველი მოატყუოს. ანა წითლიძის აღიარება მხოლოდ სიმართლის თქმაა, რაც ყველაზე კარგად თავად ოპოზიციონერებმა იციან,”- აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.

არჩევნების საბოლოო შედეგებზე ანა წითლიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა და ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” 26 ოქტომბერს, ჯამში 200 000-ზე მეტი ხმა მიიღო.

ამ განცხადების შემდეგ, უკვე დღეს, ანა წითლიძე მედიასთან აღარ გამოჩენილა, მისმა თანაგუნდელებმა კი დაბნეულობა ვერ დამალეს. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ არჩევნების შედეგებს პარტიაში არავინ აღიარებს და წითლიძის განცხადების შინაარს ვერ ხსნის.

წითლიძის პოზიციის გამართლება უჭირთ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც, სადაც ისევ ამტკიცებენ, რომ არჩევნების მანიპულაციის არაერთი მტკიცებულება აქვთ.

ოპონენტებს, დღეს, “ქართული ოცნებიდან” კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ შესაძლო მანიპულაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები მათ ვერც პროკურატურაში და ვერც სასამართლოში წარადგინეს. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ცესკოს შედეგები რეალობას ასახავს და ეს თავად ოპოზიციონერმა ანა წითლიძემაც დაადასტურა.

ცესკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა ხმების 10,17% , ანუ 211 216 ხმა მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button