წითლიძის თქმით ენგურჰესის დირექტორი დევნილების პირადობის მოწმობების ჩაბარებას ითხოვს
პარლამენტის წევრის, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის განცხადებით, მათ მტკიცებულებები მოიპოვეს, როგორ ავალებს ენგურჰესის დირექტორი დევნილებს პირადობის მოწმობების ჩაბარებას და როგორ აწარმოებს მოლაპარაკებას ოკუპანტებთან, ენგურის ხიდის ჩაკეტვის თაობაზე.
როგორც წითლიძემ აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორებმა ფაქტის შესახებ უკვე იციან.
„ჩვენ ვიცით ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ პირადობების მოწმობების ჩამორთმევის პროცესში და ასრულებენ უკანონო დავალებებს. ერთ-ერთი მათგანი არის ლევან მებონია, ენგურჰესის დირექტორი, რომელიც შემჩნეულია ორ დანაშაულებრივ ქმედებაში. პირველი – ლევან მებონიას დავალება აქვს, რომ ენგურჰესის თანამშრომელთა უმეტესობას, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი, ჩამოართვას პირადობის მოწმობები, რათა მათ ვერ შეძლონ არჩევნების დღეს უბნებზე მისვლა და ხმის მიცემა. მეორე, უფრო მძიმე დანაშაული – ლევან მებონია არის მთავარი მომლაპარაკებელი რუს ოკუპანტებთან, რომ 24, 25 და 26 ოქტომბერს დაიკეტოს ენგურის ხიდი, რომ დევნილებს – საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიიდან, არ მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.
ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, როგორ ავალებს ლევან მებონია ენგურჰესის თანამშრომლებს პირადობის მოწმობების ჩაბარებას, ასევე, გვაქვს მტკიცებულებები და უკვე გადავეცით საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ყველა სადამკვირვებლო მისიას, რომელიც არის რეგიონში, როგორ აწარმოებს ლევან მებონია მოლაპარაკებას რუს ოკუპანტებთან.
მინდა მივმართო ლევან მებონიას – პირველი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რას აკეთებთ და რა დავალებები გაქვთ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და ხიდის ჩაკეტვასთან დაკავშირებით. უნდა იცოდეთ, რომ თითოეული თქვენი ნაბიჯის შესახებ იციან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არ შეგრჩებათ არცერთი დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებ ენგურჰესის თანამშრომლებს, რომ მოგვაწოდონ დამატებითი მტკიცებულებები მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით და მინდა იცოდნენ, რომ ჩვენ დავიცავთ თითოეულ ადამიანს ლევან მებონიას უკანონო ბრძანებებისგან.
როგორც ადრე გითხარით, „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო რეგიონში პირადობის მოწმობების ჩამორთმევის პროცესი მათთვის საეჭვო პოლიტიკური არჩევანის მქონე მოქალაქეებისთვის, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას. კარგი ამბავი არის ის, რომ მოქალაქეების უმრავლესობა არ აძლევს პირადობის მოწმობებს „ოცნების” წარმომადგენლებს, ვინც აძლევს, უმრავლესობა სოციალურად დაუცველია და წარმოადგენს მოწყვლად ჯგუფს, რადგან მათ აშინებენ, რომ თუ პირადობის მოწმობებს არ ჩააბარებენ, მაშინ მოუხსნიან სოციალურ დახმარებას, მაგრამ წარმოუდგენელია, „ქართულ ოცნებას“ ეყოს რესურსი, რომ პირადობის მოწმობები წაართვას მთელ ზუგდიდს, მთელ სამეგრელოს და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა ანა წითლიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.