მნიშვნელოვანისიახლეები

წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ შსს განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი.უწყების განცხადებაში საუბარი არაა დაკავებულებზე.
შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, “არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს”, წინააღმდეგ შემთხვევაში კი “შესაბამის სამართლებრივ რეაგირებაზე” საუბრობს.
უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე.

მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებისა, რომ გაეთავისუფლებინათ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გამოსასვლელები, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.

კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,”- აღნიშნულია განცხადებაში.
პარლამენტის მიმდებარედ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმმა წიწაკის სპრეი გამოიყენა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ წიწაკის სპრეის გაშვებამდე გამაფრთხილებელი სიგნალი არ ყოფილა.

ადგილზე ვითარება დაძაბულია. მობილიზებულია განსაკუთრებული რაოდენობით რობოკობები და წყლის ჭავლის მანქანები.

“არა რუსულ კანონს! კი ევროპას!” – პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დასრულდა, ის ხვალ გაგრძელდება.

დეპუტატებმა რუსული კანონის 11 პუნქტიდან დღეს მხოლოდ 3 განიხილეს.

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია.

აქციის ორგანიზატორები არიან ტალღა, მწვანეები, ჯიუტი, კარი და სტუდენტები ევროპული მომასვლისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button