ე.წ სამხრეთ ოსეთში საგზაო მოძრაობის წესებს ამკაცრებენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მერაბ ჩიგოევის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა საგანგებო თათბირი გამართა.

დე-ფაქტო პრეზიდენთან გამართულ თათბირზე ცხინვალში მანქანების უწესრიგოდ მოძრაობასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

“მოძრაობის წესებს არღვევს არა მარტო ჩვეულებრივი მოქალაქე, არამედ სამართალდამცავიც. ვითარების გამოსწორებასთან დაკავშირებით, მე ველოდები წინადადებებს. მიუღებელია, რომ ჩვენს გზებზე იღუპებოდნენ ჩვენი თანამემამულეები”, – განაცხადა თიბილოვმა.
დე-ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ახსარ ლავოევი თიბილოვის ინიციატივას გამოეხმაურა.

“წლის დასაწყისში რუსეთიდან ველოდებით სპეციალისტებს, რათა დავნერგოთ სისტემა – “უსაფრთხო ქალაქი”. ეს სისტემა ვითარებას გამოაწორებს” – აღნიშნა ლავოევმა.

შეხვედრაზე თიბილოვმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრების მოთხოვნით მიმართა.
მერაბ ჩიგოევს, 9 იანვარს, საბჭოს ქუჩისა და ალან ჯიოევის გამზირის გადაკვეთაზე მანქანა დაეჯახა. ცხინვალის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს “რეს”-ის ცნობით, გენპროკურორი საკუთარი მანქანიდან გადმოვიდა, ხოლო ტრაგედია გზის გადაკვეთისას მოხდა.

იმ ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ჩიგოევს დაეჯახა, ცხინვალის მილიციამ ადგილზე დააკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button