ბიზნესრევიუმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ცივად დაწურული წვენი ორგანული ბაღებიდან – ბათუმში „Georgia`s Natural“-ის მაღაზია გაიხსნა

ბათუმის „შავი ზღვის მოლში“ კომპანია „AromaProduct”-ისა და მისი შვილობილი კომპანია “Georgia`s Natural“-ის მიერ წარმოებული ორგანული, 100%-ით სუფთა პროდუქტების მაღაზია გაიხსნა. კომპანია “Georgia`s Natural“-ი ცივი დაწურვის მეთოდით ამზადებს თავისი ბიომეურნეობიდან ხილისა და ბოსტნეულის სუფთა წვენს შაქრის, წყლისა და დანამატების გარეშე. ამზადებენ ასევე სოუსებს, კონსერვებს, მცენარეულ ექსტრაქტებს, გაყინულ ხილს.

საქართველოში „AromaProduct”, “Georgia`s Natural“-ს 7 მაღაზია აქვს, მათ შორის 3 ბათუმში: „გუდვილში“, „ეიფორიასა“ და ახლა უკვე „შავი ზღვის მოლში“. აქამდე პროდუქცია მხოლოდ უცხოურ ბაზარზე გაჰქონდათ და დღემდე ეს ქართული ბრენდი სხვადასხვა ქვეყანაში პრემიუმკლასის თაროებზეა წარმოდგენილი, როგორც 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ორგანული ბაღებიდან.

საფრანგეთი, გერმანია, ისრაელი, შეერთებული შტატები, იტალია, ავსტრალია, ესპანეთი, იაპონია, ჩინეთი და კანადა – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც „AromaProduct”, “Georgia`s Natural“-ს ექსპორტზე გააქვს პროდუქტი.

ბროწეულის წვენი კენკრის წვენთან ერთად ან ბროწეულისა და წითელი ბლის მიქსი, მოცვის წვენი, გრეიფრუტის ან კიდევ ბლისა და ჭარხლის წვენი ერთად – „Georgia`s Natural“-ის 100%-ით ნატურალური წვენების ასორტიმენტი ექსკლუზიური და მრავალფეროვანია.

წვენების დაუვიწყარი გემო და არომატები შემთხვევითი არ არის. ეს ორგანული, ეკოლოგიურად სუფთა ბაღებში მოყვანილი ხილი და ბოსტნეულია. ასეთ ბაღებში მოწმდება ყველაფერი, ნიადაგის ჩათვლით. ორგანულ ბაღებში არ იყენებენ სასუქს, პესტიციდებსა და ერბიციდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მებაღეებს სამმაგი შრომა სჭირდებათ, რადგან ბალახსაც კი მხოლოდ შიშველი ხელებით ებრძვიან.

„AromaProduct”, “Georgia`s Natural“-ი გარდა ორგანული ბაღებისა, ხილს მოიპოვებს ველური შეგროვების პრინციპითაც, ცხადია, ისეთი ადგილებიდან, სადაც ნიადაგი წინასწარაა შემოწმებული. კომპანია 300 ჰექტარზე გაშენებულ ორგანულ ბაღებს ფლობს. იქვეა მათი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოც, სადაც ადგილზევე მზადდება ყველაფერი.

„AromaProduct”, “Georgia`s Natural“-ის დამფუძნებელი, ვლადიმერ გუგუშვილი ორგანული მეურნეობის მნიშვნელობასა და სამუშაო ადგილებზე საუბრობს, რასაც ეს ბაღები და საწარმო ქმნის ქვეყანაში.

„ბევრი ადამიანი გვყავს დასაქმებული. ორგანულ ბაღებში ძალიან დიდი შრომაა საჭირო, რაც ნიშნავს ბევრი ადამიანის დასაქმებას. ჩვენ ასევე მთელ საქართველოში ვაწარმოებთ ხილის ველურ შეგროვებას, როცა ამ პროდუქტს ყიდულობს ვინმე, ეს ნიშნავს უამრავი ადამიანის დასაქმებას, ვინც ამ მუხლჩაუხრელი შრომის უკან დგას.  მთიან აჭარაში ადგილობრივების დახმარებით მოცვსა და ასკილს ვაგროვებთ. როცა ჩვენი პროდუქტი გადის უცხოეთის ბაზარზე, წესების შესაბამისად აუცილებლადაა მითითებული რომელი გარემოდანაა მოკრეფილი, რომელი ბაღიდან და ა.შ.

ზოგადად, ორგანული ბაღები არ არის უხვმოსავლიანი, არც ხილს აქვს ვიზუალურად იდეალური შესახედაობა, მაგრამ ეს არის უსასუქო, 100%-ით სუფთა ხილი, წარმოების და ბოთლში ჩამოსხმის შემდეგაც სრულიად უდანამატო“.

კომპანიის მმართველი პარტნიორი, თამარ გუგუშვილი გვეუბნება, რომ ყვარელში, სადაც მათი ორგანული ბაღებია გაშენებული და მუშაობს საწარმო, დასაქმებულია 200-მდე ადამიანი. მისივე თქმით, ეს  ერთადერთი 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა, ბრენდირებული ხილისა და ბოსტნეულის ქართული პროდუქციაა, რომელიც ევროპისა და ამერიკის ბაზარზეც გადის.

„ჩვენს ჯგუფს 20-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ამ ხნის მანძილზე შევისწავლეთ გლობალური ბაზარი, მაღალი ტექნოლოგიები, ორგანული ბაღების განვითარება და ინჟინერია.

გვაქვს გემოებისა და არომატების საავტორო ხაზი, ბროწეულის ხაზი, მაგალითად, ბროწეულისა და ბოსტნეულის მიქსები, დაბალკალორიული ფიუჟენების მიქსები და ა.შ.“ – ამბობს თამარ გუგუშვილი.

კომპანია “Georgia`s Natural“-ის 100%-ით სუფთა წვენი სხვადასხვა რაოდენობით შეგიძლიათ შეიძინოთ. ხელმისაწვდომია საოჯახო შეფუთვები: ერთლიტრიანი და 750- გრამიანი მინის ჭურჭლით, ან მარტივად წასაღები, შედარებით პატარა ბოთლები, რომლებშიც 300 ან 200 გრამი ნატურალური წვენია.

მსგავსი პოსტები

Back to top button