“ცხადად ჩანს, თუ როგორ ექცეოდნენ საკუთარ მოქალაქეებს” – ღარიბაშვილი წამების კადრებზე

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, წამების კადრებზე მთავრობის სხდომაზე კომენტარი გააკეთა.

“გუშინაც გავრცელდა ე.წ. სამეგრელოს კასრების ვიდეოები, სადაც ცხადად ჩანს, თუ როგორ ექცეოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, ნაციონალური მოძრაობა როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია საკუთარ მოქალაქეებს. მინდა, რომ საზოგადოებას მოკლედ შევახსენო ეს ისტორია. ამ კადრებში არის საშინელი წამების კადრები და სცენები, ეს არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფელში, სამეგრელოში, მათ არასოდეს დანაშაული არ ჩაუდენიათ, მე ვიცი ერთი ადამიანის ისტორია, რომელიც სახლიდან ღამის სამ საათზე მოიტაცეს, მას ჰყავდა სამი თვის ორსული მეუღლე, რომელსაც სახლში სასტიკად გაუსწორდნენ, მუცელიც მოეშალა, ეს კაცი წაიყვანეს და აწამეს ისე, როგორც თქვენ ამ ვიდეოში ნახეთ. იმის გამო, რომ მას არ ჩადენილი, შეუმდგარი დანაშული ვერ ააღებინეს საკუთარ თავზე, სხვა მიზეზით, ნარკოტიკების ჩადებით გაასამართლეს.

ეს დღეები მე მესმის შეფასებები, ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებისა, მათ კიდევ აქვთ პრეტენზიები და მინდა, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, ამ ადამიანებს არანაირი უფლება არ აქვთ, რომ საზოგადოებას ისეთი ენით ელაპარაკონ, როგორც ლაპარაკობენ. იმის მაგივრად, რომ ამ სამი წლის განმავლობაში მათ ბოდიში მოეხადათ საზოგადოებისთვის მათ მიერ ჩადენილი მძმე დანაშაულებებისთვის, ისინი კვლავაც აგრძელებენ უტიფრად საზოგადოების შეურაცხყოფას, იმ მცდელობას, რომ არეულობა და ქაოსი შექმნან. ეს არის სრული აბსურდი, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს და რომლისთვისაც მისაღებია, რაც ამ ვიდეოებში ხდება, წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა. მე მაინტერესებს, რამდენი ადამიანია საქართველოში, რომელიც ასეთ დანაშაულებრივ, სასტიკ საქმიანობას მხარს უჭერენ. ასეთ ადამიანებს არ აქვთ უფლება, პოლიტიკაში დარჩნენ. ჩემთვის სააკაშვილი, მისი მთავრობა და მიმდევრები არიან სახე იმ ნიღბიანი ადამიანის, რომელიც ამ ვიდეოებში აუპატიურებენ ადამიანებს, ეს არის მათი სიმბოლო,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button