ცხინვალის რეგიონში კარანტინის წესების დამრღვევები დაჯარიმდებიან
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ 100-დან 20 000 რუსულ რუბლამდე ჯარიმა დააწესა კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ გამოცხადებული კარანტინის დარღვევისთვის. რეჟიმის დაცვის გაკონტრლება დე ფაქტო შსს-ს დაავალეს.
ოკუპირებულ რეგიონში 13 აპრილამდე გამოცხადებული კარანტინი მუშაობას უკრძალავს სავაჭრო ობიექტებს, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა. ასევე, მუშაობა ეკრძალება გასართობ და სპორტულ დაწესებულებებს, რესტორნებს, კაფეებს, სასტუმროებს და სილამაზის სალონებს. დაკეტილია სკოლები. დე ფაქტო ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობისგან მაქსიმალურ თვითიზოლაციასაც მოითხოვს.
კარანტინის წესების დარღვევისთვის „რიგითი მოქალაქეები“ 100-დან 500 რუბლამდე თანხით ჯარიმდებიან, „თანამდებობის პირები“ 500-დან 1000 რუბლამდე, ხოლო იურიდიული პირები 10 000-დან 20 000 რუბლამდე.
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობა ირწმუნება, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა. მისივე ინფორმაციით, ტესტირების საშუალებები რუსეთიდან მიიღეს.