მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თექაზე დაწყებული საქმე შვილის გადასარჩენად

თექაზე დაწყებული ხელსაქმით თელაველი ქალი შვილის გადასარჩენად იბრძვის. ნინო მაისურაძე თელავში, საკუთარ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს.

16 წლის გოგონას, დაბადებისას, ხერხემლის თიაქრის დიაგნოზი დაუსვეს.წლების ინტერვალით, ექიმებმა, ბავშვს, სამი წარუმატებელი ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა გოგონას დღემდე ფეხზე არ გაუვლია.

თექისგან დამზადებული სხვადასხვაგვარი ნაკეთობებით, დედა- შვილი ოპერაციის თანხის შეგროვებას ცდილობს. რადიო ჰერეთთან საუბარში, ნინო ამბობს, რომ 16 წლიანი ბრძოლა, ისევ გრძელდება.

“ფეხზე ჯერ არ გაუვლია. სამმა ოპერაციამ უკვალოდ ჩაიარა. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. უფრო და უფრო მეტი პრობლემა აქვს. თურქმა ექიმებმა ნახეს და თქვეს, რომ სწორად ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ჩვენი ოცნების განხორციელება რეალურია. თანხა დიდი არ არის, მაგრამ ჩემნაირი გაჭირვებულისათვის მიუწვდომელია”- ამბობს ნინო მაისურაძე.

თექაზე მუშაობა, დედა- შვილმა, თელავის ისტორიული მუზეუმის პროექტის საშუალებით ისწავლა. სხვადასხვანაირი სათამაშოების დამზადებაში, დედას გოგონაც ეხმარება. ნინო ყვება, რომ რეალიზაციით მიღებული ყოველი კაპიკი, მისი შვილის ოპერაციისათვის ინახება.

“ამ ხნის განმავლობაში, სიმსივნე გამიჩნდა და რთული სამუშაოს შესრულება არ შემიძლია. გოგონაც მეხმარება, რაც შეუძლია. აქედან მიღებულ ყოველ კაპიკს ოპერაციისათვის ვინახავთ.ოპერაცია საჩქაროა. წინ ვეღარ მივდივართ.ჩემს გარდა, არავინ ჰყავს, მეც ავადმყოფი ვარ. რაც დრო გადის, მისი მოვლა რთულდება”- ამბობს ნინო.

16 წლის გოგონა, თელავის ერთ- ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეა. მისთვის ყოველდღიურად, სკოლაში გადასაყვანი ტრანსპორტის მოთხოვნით, ოჯახმა განათლების სამინისტროს , რამდენიმე წლის წინ მიმართა.
პირველი ჯგუფის ინვალიდ მოსწავლეს, სამინისტრომ თხოვნა არ დაუკმაყოფილა, ხოლო ამავე მოთხოვნით, 2018 წლის შეტანილი სარჩელი, სასამართლოს დღემდე არ განუხილავს.

” პანდემიის დაწყების გამო, ონლაინ სწავლებაზე ისე გადავედით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია.თუმცა, ახლა ეს ოპერაცია მესახება , ჩემი შვილის ხსნად. იქნებ ახდეს მთელი მისი ცხოვრების ნატვრა და ფეხზე გაიაროს”- ამბობს ნინო მაისურაძე.

საჭირო თანხის შეგროვებისა და ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში, თურქი ექიმების დასკვნით, 16 წლის მანძილზე, ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული გოგონა, სიარულსა და სრულფასოვან ცხოვრებას შეძლებს.

 

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button