მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 2023 წლის აპრილში საზღვრის “უკანონო” კვეთისთვის 45 ადამიანი დააკავა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (კგბ) ცნობით, მხოლოდ 2023 წლის აპრილში ე.წ საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე 45 “კანონდამრღვევი” დააკავეს.

ე.წ კგბ-ის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, დაკავებულთაგან 21 ადამიანმა “სახელმწიფო საზღვარი”, ხოლო 24-მა სასაზღვრო რეჟიმი დაარღვია.
“2023 წლის აპრილში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე სასაზღვრო ზონაში 45 კანონდამრღვევი დააკავეს, მათგან: 21 – სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დამრღვევი, 24 – სასაზღვრო რეჟიმის”, – წერია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, 25 ადამიანს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა, 3-ს ადმინისტრაციული გარიცხვა ჯარიმით, 15-მა გაფრთხილება მიიღო, ხოლო 2 პირს კი ადმინისტრაციული წარმოება შეუწყდა.

ცხინვალის მარიონეტული ხელისუფლება “ატყობინებს მოქალაქეებსა და სტუმრებს, ვინც რესპუბლიკაში ვიზიტს გეგმავს საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ქონის (პასპორტის, ID ბარათის, მცირეწლოვნებისთვის დაბადების მოწმობის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – საზღვრის კვეთის უფლების) აუცილებლობაზე”.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების ბოლო შემთხვევა 11 მაისს, სოფელ მეჯვრისხევთან დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button