კრიმინალი

ცხოველის შესაძლო წამების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ძაღლის დასახიჩრებული გვამი იპოვეს. სოციალურ ქსელ ფეისბუკის ჯგუფში, „ზუგდიდის მიუსაფარი ცხოველების დახმარება“, მომხმარებელი ქეთი ლობჟანია ფაქტის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს. ის მომხდარის გამო შეშფოთებას გამოხატავს და წერს, რომ ძაღლს კიდურები და ყბა აქვს მომტვრეული. ამასთან, სავარაუდოდ, ცხოველის სხეულზე მდუღარე სითხეა გადასხმული.

„ნაწამებია?! კიდურები ადამიანმა დააჭრა?! ყბა ვინ/რამ მოტეხა?! ასე რამ დამდუღრა?! ასე ვინ გაიმეტა?! ეს არის ზუგდიდის რეალობა!!!! ეს არის არაადამიანურობის პიკი!!“, – წერს ქეთი ლობჟანია.

„ლაივპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button