მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“ცხვრები” 26-წლიანი მმართველობის წინააღმდეგ ბელარუსში

ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ერთი ადამიანი დაიღუპა. უკვე მეორე დღეა, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.

მოქალაქეები უნდობლობას უცხადებენ ოფიციალურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, უკვე მეექვსედ, პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა. ვითარება ყველაზე მეტად დაძაბულია დედაქალაქში. მხოლოდ ბოლო საათებში, მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 100-მდე ადამიანი დაშავდა.

ალექსანდრ ლუკაშენკო ქვეყანას 26 წელია მართავს და როგორც ჩანს, პრეზიდენტობის დათმობას არც ამჯერად გეგმავს. მინსკისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი სწორედ ამიტომ გამოვიდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში, ქალაქში აქტიურად გამოიყენებოდა ცრემლსადენი გაზი, ყუმბარები, რეზინის ტყვიები.

სამწუხაროდ, არის გარდაცვალების ფაქტიც. ერთ ადამიანს ხელყუმბარა ხელში აუფეთქდა. 3 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. სწორედ ასე გამოიყურება ბელარუსი საპრეზიდენტო არჩევნებიდან მე-2 დღეს.

“გასულ ღამეს მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა ბელარუსის მთავრობას ეკისრება, რადგან ხელისუფლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებების უსაფრთხოება. ფაქტია, რომ პროტესტი მშვიდობიანი იყო. იყო სერიოზული პროვოკაციები, რის შემდეგაც დემონსტრანტები აგრესიულები გახდნენ სამართალდამცავების მიმართ.” – აცხადებს ბელარუსის უფლებადამცველთა ცენტრ “ვესნას” წარმომადგენელი ვალენტინ სტეფანოვიჩი.

პრეზიდენტი ლუკაშენკო ფიქრობს, რომ გარეთ გამოსული აქციის მონაწილეები ცხვრები არიან. სწორედ ამ სიტყვით აფასებს ის ოპონენტ თანამოქალაქეებს და აღნიშნავს, რომ ასეთი არეულობები გარე ჩარევების გარეშე ვერ ჩაივლიდა. ამ თვალსაზრისით, ლუკაშენკო ჩეხეთს, პოლონეთს და დიდ ბრიტანეთს ადებს ხელს. მისივე განცხადებით, სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს პროპორციული ძალით პასუხობენ.

“ვიღაცეებს უნდოდათ დღესასწაული ჩაეშალათ, ჩვენ ისინი დავინახეთ. დაფიქსირდა ზარები პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან. ისინი ჩვენს ცხვრებს მართავდნენ, რომლებიც თავად ვერ ხვდებოდნენ, რას აკეთებდნენ. ისინი ცდილობდნენ თავს დასხმოდნენ პოლიციელებს, თუმცა სამართალდამცველები ღირსეულად იქცეოდნენ და მათ პროპორციული ძალა გამოიყენეს. ჩვენ დავაკავეთ აქციის ორგანიზატორები, რომლებიც კუთხეში იმალებოდნენ. დაკავებულია დაახლოებით, 3 000 ადამიანი. ზოგი მთვრალი იყო, ზოგი კი, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. ეს ხომ საშინელებაა.” – აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.

მსგავსი პოსტები

Back to top button