ახალციხის 13 სოფლის მოსახლეობა რეგიონის და მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
ინფორმაციას ახალციხის “მეცხრე არხი” ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, ტერიტორია, რომელსაც ვალესა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები საძოვრებად და სათიბებად იყენებდნენ, სხვა რეგიონიდან, მთაბარობისთვის ჩამოყვანილმა ცხვრისა და საქონლის ფარებმა გაანადგურეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაახლოებით, სამი კვირის წინ ჯერ საქონელი, შემდეგ კი 12 000 სული ცხვარი ჩამოიყვანეს. მწყემსები პირუტყვს იმ მიწაზე აძოვებენ, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია, თუმცა წლებია, ადგილობრივები იყენებენ. ფერმერების თქმით, ამის გამო ზამთრისთვის თივას ვერ იმარაგებენ. გარდა ამისა, ფარამ სოფლების სასმელი წყლის სისტემაც დააზიანა.
ამ პრობლემით, დაახლოებით 60-მდე ფერმერი სამხარეო ადმინისტრაციაში მივიდა და მხარის რწმუნებულთან შეხვედრა მოითხოვა. ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივების ნაწილს დახურულ კარს მიღმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. შეხვედრის დასასრულს, გუბერნატორმა განაცხადა, რომ საქმეზე სამართლებრივი პროცედურები დაიწყება.