“წლის ბოლომდე ხელმისაწვდომია დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარი”

წლის ბოლომდე, საერთაშორისო დახმარების სახით, ჩვენთვის ხელმისაწვდომია დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი. არც ერთ ქვეყანას ასეთი შედეგი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
„ერთ და ორ თვეში ვერ აღვიდგენთ იმ სასტარტო პირობებს, რომლებიც ჩვენ 2020 წლის დასაწყისში გვქონდა, მაგრამ 1,5-2 წლის განმავლობაში უნდა აღვიდგინოთ. დონორებთან მუშაობის შედეგად, ქვეყნის ბიუჯეტს და ეკონომიკას, სახელმწიფოს ნაწილში წლის ბოლომდე ექნება 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება, ისევე, როგორც დონორებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ იგივე ოდენობის რესურსი ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი კომერციული საბანკო სექტორისთვის. ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით ჩვენთვის ხელმისაწვდომია დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი. არც ერთ ქვეყანას ასეთი შედეგი არ აქვს. ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც სავალუტო ფონდთან განახლებული გაფართოებული პროგრამა შეათანხმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის პირველი აუცილებელი ნაბიჯი, რაც კრიზისისას უნდა გადაგვედგა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.