მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

წნორში სომხიშვილების სახლი დაწვეს-ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მცხოვრები გულნაზი სომხიშვილი ნათესავის, 51 წლის ზურა დავითაშვილის დაკავებას ითხოვს.

სომხიშვილის მტკიცებით, მამაკაცმა, რომელიც მას ბიძად ეკუთვნის, სამი დღის წინ ჯერ ავტომობილი დაუზიანა, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლი დაუწვა.

” ყველამ იცის, რომ სახლი ბენზინით მაგან დამიწვა, მანქანაც მაგან დააზიანა. შეტყობინებებს მიგზავნის, მაგინებს და მემუქრება. მისი მეუღლე იძახის, ეგენიც შიგ უნდა ჩამწვარიყვნენო. პოლიცია მეუბნება, მოწმეები არ გყავსო და ვერ დავაკავებთო. ვითხოვ დასაჯონ და ზარალი ამინაზღაუროს”- განაცხადა სომხიშვილმა, რადიო ჰერეთთან.

კონფლიქტი ნათესავებს შორის, საცხოვრებელი სახლის გამო დაიწყო, რომელიც სომხიშვილებს პაპამ აჩუქა.
რაც შეეხება დავითაშვილს, მამაკაცი პოლიციელებმა გამოკითხეს, თუმცა ის ჯერჯერობით, დაკავებული არ არის.

დავითაშვილი, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი პირია და ამ ეტაპზეც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

სომხიშვილების ოჯახი, თავს ნათესავებს აფარებს და ბიძის დაკავებამდე, სახლში დაბრუნებას არ აპირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყებაში ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button