რეგიონი

წნორში უფასო სასადილოს ფუნქციონირება აუკრძალეს

წნორში უფასო სასადილოს ფუნქციონირება აუკრძალეს, თუმცა ის მაინც მუშაობს
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორის უფასო სასადილო დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს და პრობლემების მოგვარებამდე საწარმოოს ფუნქციონირება აუკრძალეს.

სასადილომ ჯარიმა გადაიხადა და აკრძალვის მიუხედავად, იმავე ვითარებაში მუშაობას აგრძელებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი სასადილოსთან დაკავშირებულ კითხვებს არ პასუხობს. მერიაში კი ამტკიცებენ, რომ წნორის სასადილო დაკეტილია, თუმცა ბენეფიციარებს კუთვნილ საკვებს მაინც აწვდის.

მერიისვე განმარტებით, გამოცხადებულია ტენდერი ახალი სასადილოს მოსაწყობად, ხოლო პრობლემების გადაწყვეტამდე, კერძო კვების ობიექტთან ხელშეკრულება მზადდება.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ, რომ ობიექტი 1000 ლარით დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
“სამსახურმა გეგმიურად შეამოწმა უფასო სასადილო. გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები ინფრასტრუქტურა არ შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს. არ იყო სათანადოდ უზრუნველყოფილი დასუფთავება, რეცხვა, დეზინფექცია, რაც სურსათის დაბინძურების საფრთხეს წარმოადგენდა.

სააგენტომ კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი“-განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ორი უფასო სასადილოა, სადაც 200-მდე ბენეფიციარი იკვებება.

მსგავსი პოსტები

Back to top button