მიწისძვრამ მსხვერპლი თურქეთის გარდა სირიაშიც გაზარდა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე 17,9 კილომეტრის სიღრმეზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მოხდა.
მიწისძვრამ მსხვერპლი თურქეთის გარდა სირიაშიც გაზარდა – ბოლო მონაცემებით, ორივე ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 1700-სს აჭარბებს, დაშავებულია ათასობით ადამიანი.
სამძებრო სამუშაოებში სპეციალისტებთან ერთად მოხალისეებიც არიან ჩართული. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, ნანგრევების ქვეშ ადამიანები ისევ რჩებიან. ზოგიერთ მათგანმა ინტერნეტის საშუალებით კონტაქტზე გასვლა შეძლო და სოციალურ ქსელში ნანგრევებიდან ფოტო ატვირთა. პოსტში აისელ ლიერალი გადარჩენას ითხოვს.
მიწისძვრის შედეგად 200-ზე მეტი ქალაქი დაზარალდა. დაზიანდა და დაინგრა ასობით შენობა და საცხოვრებელი სახლი. თვითმხილველთა თქმით, მიწისძვრას ათობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.
თურქეთში მომხდარი მიწისძვრა უკვე შეაფასეს, როგორც ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი. მეზობელ სირიაში კი მსხვერპლის რიცხვი იმდენად მაღალია რომ თეთრმა ჩაფხუტიანებმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი კატასტროფის ზონად გამოაცხადეს. სირიისა და თურქეთის გარდა, მიწისძვრა ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელში მილიონობით ადამიანმა იგრძნო.
თურქეთის კატასტროფის სააგენტო საერთაშორისო დახმარებას ითხოვს. თურქეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, ანკარას დახმარება შესთავაზა მსოფლიოს 45-მა ქვეყანამ, ასევე, ნატომ და ევროკავშირმა. მიწისძვრას ათობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, რის გამოც იტალიის მთავრობა ქვეყნის სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ცუნამის პოტენციური რისკის შესახებ აფრთხილებს.
მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქაჰრამანმარასთან ახლოს დაფიქსირდა.
დღეს, 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობდა. თავდაპირველად თურქული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მიწისძვრა 7,4 მაგნიტუდის იყო, მოგვიანებით კი დააზუსტეს, რომ – 7,7-ის. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს ინფორმაციით, დაზარალდა 10 ქალაქი, მათ შორის გაზიანთეპი, მალათია, ადანა და დიარბაქირი.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თურქეთში დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა დადასტურებული რიცხვი 1014-ს შეადგენს, სირიაში დაღუპულთა რიცხვი კი 783-ია.
საერთო ჯამში, ამ დროისთვის, გარდაცვლილია 1 797 ადამინი.