მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

წყალში გადაყრილი საბიუჯეტო სახსრები ბორჯომში

წაღვერის კულტურის სახლში, რომლის რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, წვიმა ჩავიდა და კედლები დააზიანა. შენობის დამპროექტებელმა აივნის გადახურვა არ გაითვალისწინა. მისივე მიზეზით, შენობაში საპირფარეშოები ჯერ მოაწყვეს, შემდეგ კი, დაანგრიეს და შშმ პირებზე მორგებული, თავიდან ააშენეს.

ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

 

“რა პროექტიც მოგვცეს, ის გავაკეთეთ”

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის 5 მარტს დასრულდა. შენობას, რომლის რეაბილიტაციაც მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, ფუნქციონირება ჯერ არ დაუწყია, თუმცა იგი წვიმის შედეგად უკვე დაზიანებულია. გარე კედლებზე ფილები ჩამოცვივდა, შესასვლელში კი, კედლებს ჭერიდან ჩამოსული წყლის კვალი ამჩნევია.

მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ შენობის დაზიანებაში მათ ბრალი არ მიუძღვით, რადგან სამუშაოები უკვე მომზადებული პროექტის მიხედვით შეასრულეს, სადაც გათვალისწინებული არ იყო შენობაზე არსებული აივნის ე.წ. ვერანდის გადახურვა. მათი მტკიცებით, წყალი სწორედ ამ გადაუხურავი აივნიდან ჩავიდა.

„აივნის თავზე პროექტში არ იყო გათვალისწინებული გადახურვა. ჩვენ რა პროექტიც მოგვცეს, ის გავაკეთეთ. როცა მორჩა სამუშაოები, მაშ შემდეგ ამ აივნიდან ჩამოვიდა წყალი და დააზიანა შესასვლელთან კედლები”. – ხსნის მშენებელი კომპანიის, შპს „დიკა 2010“–ის ფინანსური დირექტორი ნათია ხვედელიძე.

მისივე თქმით, კომპანია იმ ვალდებულებას, რომ „საგარანტიო პერიოდის ვადაში გამოასწოროს ნებისმიერი ხარვეზი“, არ გაურბის, თუმცა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დაზიანებული კედლების შეკეთებას აზრი არ აქვს, რადგან ბორჯომის მერიამ ჯერ აივნის გადახურვაზე უნდა იზრუნოს: „როგორც კი ამ აივანს გადახურავენ, ჩვენ დაზიანებულ ნაწილს შევაკეთებთ“.

 

“როცა ამხელა პროექტი სრულდება, ასეთი მცირე ხარვეზებიც ბუნებრივია”

 

კითხვაზე, რატომ არ გაითვალისწინა აივნის გადახურვა იმ კომპანიამ, რომელმაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები მოამზადა, ბორჯომის მერიაში პასუხობენ, რომ გადახურვის აუცილებლობა არ იდგა.

უწყების მტკიცებით, როგორც დაპროექტების, ასევე სამშენებლო სამუშაოები „ყველა სტანდარტის დაცვით შესრულდა“. გამოვლენილი ხარვეზების მიზეზად კი, კლიმატურ პირობებს ასახელებენ:

„როცა ამხელა პროექტი სრულდება, ასეთი მცირე ხარვეზებიც ბუნებრივია. ძირითადი სამუშაოები ზამთრამდე შესრულდა. ამიტომ, როცა ყინვებმა გადაიარა, გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, რომლებსაც კომპანია საგარანტიო პერიოდის ვადაში გამოასწორებს”. – ამბობს ბორჯომის მერის მოადგილე, ბუბა ბერიძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, შენობაში წყალი უკვე აღარ ჩამოდის, მაგრამ აივნის გადახურვაზე მაინც იზრუნებენ: „სამუშაო შესრულებულია ყველა სტანდარტის დაცვით, თუმცა ბრტყელი გადახურვა რახან არის [აივანზე], ჩვენს კლიმატურ პირობებში პრობლემას ქმნის, ამიტომ უფრო მეტად დაზღვეულები რომ ვიყოთ, ვაპირებთ შუშის ნავესით გადავხუროთ. ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ“.

მერის მოადგილე ვარაუდობს, რომ უკვე დასრულებულ მილიონიან პროექტში, აივნის გადახურვისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით, დაახლოებით, 3 000 ლარი გამოიყოფა. თუმცა, ეს შენობის მშენებლობისას შექმნილი ერთადერთი ხარვეზი არ ყოფილა.

 

დანგრეული და თავიდან აშენებული საპირფარეშოები

 

კომპანიას, რომელმაც შენობა დააპროექტა, აივნის სახურავის გარდა, პროექტის ხარჯთაღრიცხვის ნაწილში გამორჩა, რომ საპირფარეშოები შშმ პირებითვის ადაპტირებული უნდა ყოფილიყო. ამის გამო, მშენებელმა კომპანიამ პროექტის მიხედვით აშენებული საპირფარეშოები დაანგრია და ხელახლა, უკვე შშმ პირებზე მორგებული ააშენა.

ამ ხარვეზის გამო, გადაიწია ხელშეკრულების ვადამაც. მშენებლობა 2020 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულება კიდევ ერთი თვით, 5 მარტამდე გახანგრძლივდა.

ბორჯომის მერიაში ამბობენ, რომ პროექტის არქიტექტურულ ნაწილში ადაპტირებული საპირფარეშოები გათვალისწინებული იყო, თუმცა ხარჯთაღრიცხვის ნაწილში გამორჩათ. მათივე თქმით, ხარვეზის გამოსწორებისთვის, დამატებით თანხები არ გაწეულა: „ადაპტირებული საპირფარეშოს გარეშე ხომ არ დავტოვებდით, ამიტომ შევიდა ბოლო ცვლილება ხელშეკრულებაში და ეკონომიების ხარჯზე გაკეთდა.
შესაბამისად, ამაში დამატებით თანხა არ დახარჯულა“. – ხსნის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.

 

პროექტის ავტორი შავ სიაში

 

როგორც აღმოჩნდა, კომპანიას, რომელმაც წაღვერის კულტურის სახლის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადა, სამუშაო არაჯეროვნად მხოლოდ აქ არ შეუსრულებია.

შპს “Modern Architectural Group”–მა ბორჯომის მერიასთან შენობის დაპროექტებისთვის 2019 წლის მაისში ითანამშრომლა და პროექტი 36 545 ლარად მოამზადა.

ზუსტად ოთხი თვის შემდეგ კი, კომპანია სახელმწფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო მოხვდა. როგორც სააგენტოს ვებ-გვერდიდან ირკვევა, შპს “Modern Architectural Group”–მა ხარვეზებით და ნაწილობრივ შეასრულა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რის გამოც უწყებამ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო, შედეგად კი, 2019 წლის 23 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განკარგულებით, კომპანიას ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალა.

დაბა წაღვერის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში, 1 045 502 ლარი დაიხარჯა. აქედან 36 545 ლარი საპროექტო დუკუმენტაციის შედგენას, დანარჩენი კი, შენობის რეაბილიტაციას მოხმარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button