წყვეტილი „ბასლაინები“ და სანატრელი ავტობუსები თბილისში
რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"
ავტორი: მიხეილ ხაჩიძე
მგზავრი: „დაგვეხმარეთ, ხალხი არა ხართ?!“
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჭარბ მგზავრთნაკადს, ფაქტობრივად, ვეღარ უმკლავდება. საცობი ქუჩებში, გადავსებული ავტობუსები, ხანგრძლივი ლოდინი, ფეხზე მდგომი მგზავრები მიკროავტობუსებში, რიგები გაჩერებებზე და გადატვირთული მეტროსადგურები, – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რასაც მგზავრები ყოველდღიურად აწყდებიან. ბოლო რამდენიმე წელია, ეს პრობლემები თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის უცხო არ არის, მაგრამ პანდემიის შემდგომ, უფრო ფართო მასშტაბი შეიძინა. მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
მგზავრი:
„301-ით ძალიან კმაყოფილები ვართ და 372-ით უკმაყოფილო ვართ. ძალიან იშვიათად მოდის ეს ტრანსპორტი. „მარშუტკებზე“ ლაპარაკი აღარ არის. უნდა იდგე საათობით, რომ მოვიდეს „მარშუტკა“. ერთი 120 [ნომერი] გვყავდა „მარშუტკა“. რამდენი წელია, ისიც ცა და დედამიწამ გააქრო. შევიტანეთ მეზობლებმა განცხადება. მომივიდა ქაღალდი რამდენიმე თვის მერე. ტენდერი მოვიგეთო და დავნიშნავთ ავტობუსს, ავლაბრის გავლითო. როგორც თქვენ არ გინახიათ ავტობუსი ან ტრამვაი ან „მარშუტკა“, ისე ჩვენ.“
„განცდა მრჩება ხოლმე, რომ რომელი ლოკაციაც უფრო მოთხოვნადია ხალხის მიერ, იქ უფრო ნაკლები ტრანსპორტი დადის. შეიძლება, 20 ან 30 წუთი ველოდოთ ერთ ტრანსპორტს და როდესაც მოდის, იმდენი ხალხი ვხვდებით, რომ შეიძლება, ვერც ავიდეთ. ნუ, თუ ავედით, გვიწევს ფეხზე დგომა და… ხშირ შემთხვევაში, კონდიციონერიც არ არის გამართული და შესაბამისად, ჩართული და… საკმაოდ ისეთია… დისკომფორტს გვიქმნის.“
„ძალიან ცუდი გრაფიკი აქვს 523-ს, რომელიც აქედან დადის ვარკეთილამდე. ძალიან ცოტა „მარშუტკაა“ ამ ხაზზე. თუ ახვალ, ისიც, უნდა იდგე ფეხზე. ელოდები საათი… ნახევარ საათზე აღარ მაქვს ლაპარაკი. 545 კი დადის, მაგრამ ბევრი მაგალითად, ჯანმრთელობის გამო, „მარშუტკაში“ ვერ ადის, ავტობუსი ურჩევნია. 301 ძალიან კაი ხაზია, მაგრამ დამატებით ვითხოვთ, ვაგზლამდე რომ იყოს.“
ამას გარდა, თბილისელები ავტობუსების სიმცირესაც უჩივიან და ხაზების დამატებას ითხოვენ. ჩვენ მიერ ისნის მეტროსთან გამოკითხული მოქალაქეები ითხოვენ, რომ ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, რომელიც დღეს გადატვირთული დასახლება გახდა და სადაც ერთ დროს ტრამვაი დადიოდა, ავტობუსების ხაზები დაემატოს, მათ შორის, ავლაბრის, სამასი არაგველისა და სხვა მიმართულებით. მსგავსი მოთხოვნა აქვთ სხვა უბნებშიც.
მგზავრი:
„ბერი გაბრიელის სახელით მაინც უნდა სცეთ პატივი, რომ მაგის სახელით დანიშნოთ რამე ავლაბრის გავლით. „ზეემკიდან“ დაწყებული, ავლაბარი, 300 არაგველი და ასე შემდეგ… როგორც დადიოდა ძველად.“
როგორც პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი პარლამენტში ალეკო ელისაშვილი აცხადებს, თბილისში არ უნდა დადიოდეს მცირე ტევადობის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეგრეთწოდებული „მარშუტკები“. მისი თქმით, ქალაქში უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, ამასთან, კარგად ინტეგრირებული ერთმანეთთან და ასევე, ის მუნიციპალური დაქვემდებარების ქვეშ უნდა იყოს.
ალეკო ელისაშვილი:
„ნაწილი არის მუნიციპალური და ერთი ნაწილი არის კერძო. ეს ხომ აბსურდია. და ამ კერძოს კიდევ გაუგრძელა კალაძემ იმიტომ, რომ მისი ბიზნეს-პარტნიორია ის მფლობელი… მაქაცარია. თბილისში არ უნდა დადიოდეს არატევადი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სამარშრუტო ტაქსების მსგავსი. მეტრო, ავტობუსი და „მარშუტკა“, ზოგ შემთხვევაში, არის ერთმანეთის კონკურენტი. მეტროს ხაზების თავზე გადადის ავტობუსის ხაზები, იქვე არის პარალელური „მარშუტკის“ ხაზები. ესენი უნდა იყოს შემავსებელი ერთმანეთის.“
პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ დეპუტატი თბილისის საკრებულოში ცოტნე კობერიძე ამბობს, რომ უნდა გაგრძელდეს ავტობუსების შესყიდვა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. როგორც კობერიძე მიიჩნევს, „ბასლაინმა“ მდგომარეობა დიდად ვერ გააუმჯობესა.
ცოტნე კობერიძე:
„“ბასლაინის“ ნაწილში, ვთვლი, რომ ამან მნიშვნელოვნად ვერ შეცვალა სიტუაცია იმიტომ, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა ისე არის მოწყობილი, რომ ქალაქის მნიშნელოვან ნაწილში, ფიზიკურად, მხოლოდ ერთი ზოლი რჩება და ერთი ზოლის შემთხვევაში, სამანქანო გადაადგილება ძალიან რთულდება და მოქალაქეები, თავისი ნებით, ამ მანქანებს მაინც არ ტოვებენ. და აღმოჩნდება, რომ მოთხოვნა მანქანებზე არ იცვლება, სამანქანე გზა შევიწროებულია, ერთი ზოლია ხოლმე და იმ ერთ ზოლში მყოფმა მანქანამ სადმე მიჩერება რომ გადაწყვიტოს ან შეფერხება, პარალიზებულია ქუჩა.“
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ავტობუსებს აფერხებს საცობში დგომა, რადგან მათთვის განკუთვნილი “ბასლაინები” მოკლეა, ალაგ-ალაგ წყდება და მაინც მსუბუქი მანქანების ზოლებში უწევთ გადასვლა. ეს იზოლირებული დერეფნები რომ ქუჩიდან ქუჩამდე უწყვეტი იყოს, დაგვიანების პრობლემაც მოიხსნებოდა. ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე გელა კვაშილავა ჩვენთან ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ყველა უბანი უნდა იყოს დაფარული. ამავე დროს, პრიორიტეტი უნდა იყოს ქალაქის დაგეგმარების მორგება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.
გელა კვაშილავა:
„ყველა უბანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამა თუ იმ სახეობით. არის ადგილები, სადაც ადამიანებს მაინც კერძო ტრანსპორტით უწევთ გადაადგილება. კარგად ორგანიზება ამ სატრანსპორტო კავშირების და საუბარი, რომ თბილისის განვითარების მიბმა… საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მორგებული დაგეგმარება უნდა იყოს პრიორიტეტი.“
თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ პრობლემებისა და მოსახლეობის სურვილების ნუსხა მათთვის ცნობილია. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ჯაიანი გვეუბნება, რომ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
დავით ჯაიანი:
„77 კილომეტრი არის უკვე დახაზული „ბასლაინი“ და ეს პროცესი გრძელდება. იდეა ზუსტად ამის არის, რომ იქ, სადაც ყველაზე მეტი მგზარდთნაკადია, იმას მოემსახუროს სწორედ ყველაზე დიდი მოცულობის ავტობუსები იმისთვის, რომ ადამიანები ქუჩაში არ დარჩნენ, ანუ გაჩერებაზე არ დარჩნენ. აი, ეს ქსელი ზუსტად ასეთ ადგილებს ფარავს სრულად. ანუ ქალაქის ყველა რაიონს აერთებს ერთმანეთში, სწორედ ასეთი მაღალი მოცულობის, „ბასლაინით“ მომსახურებული ადგილების ერთობლიობა იქნება ეს დერეფანი.
ბოლო რვა წლის განმავლობაში, დედაქალაქის მერიამ 1019 ავტობუსი შეიძინა, ჯამში, – 512 მილიონ ლარად. 2016-2021 წლებში ყვითელი ე.წ. „ბოგდანები“ ეტაპობრივად ჩანაცვლდა ევროპული სტანდარტის EURO 6, ლურჯი და მწვანე ავტობუსებით. თავდაპირველად, 143 ცალი Man-ის მარკის ავტობუსი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, 33 მილიონ 500 ათას ევროდ ვიყიდეთ.
2018-2021 წლებში თბილისის ავტოპარკს კიდევ 716 ავტობუსი დაემატა. საინტერესოა, რომ ახალი ავტობუსები მხოლოდ ორ კომპანიას, “ჯითი გრუპს” და “თეგეტა მოტორსს” ან მის შვილობილს შემოჰყავს. 2024 წლიდან კი, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, “თეგეტა ჰოლდინგის” წევრმა Tegeta Truck and Bus-მა გერმანული კომპანია MAN-ის 18-მეტრიანი ავტობუსები შემოიყვანა.
160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად, თბილისის მერიამ ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გააფორმა. ერთი ავტობუსის ყიდვა მილიონ 618 ათას 759 ლარი დაჯდა, ჯამში, – 259 მილიონი ლარი.
წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი „ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.