ცქიფურიშვილი ჰერეთს: თქვენ გაქვთ ხალხისთვის მიუღებელი პოზიცია
ლაგოდეხში გამგებლობის ყოფილმა კანდიდატმა, ნინო ბურჯანაძის პარტიიდან ისაკო ცქიფურიშვილმა,რადიო ჰერეთს ბოიკოტი გამოუცხადა და განაცხადა, რომ ჰერეთის არცერთ გადაცემაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ცქიფურიშვილმა აღნიშნა, რომ ჰერეთი მასთან მიმართებაში დეზინფორმაციას ავრცელებს.
“თქვენ გაქვთ ხალხისთვის მიუღებელი პოზიცია, ვერავითარ პასუხს ჩემგან ვერ მიიღებთ, სანამ არ ისწავლით სწორ ინფორმაციის გაშუქებას “- ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ “თავისუფალი დროს” 14 აგვისტოს გადაცემას, ცქიფურიშვილი,სადაც მისმა ყოფილმა კონკურენტმა “ქართული ოცნებიდან” და ახლა უკვე ლაგოდეხის გამგებელმა კახა ჯანბურიამ განაცხადა, რომ ცქიფურიშვილი ლაგოდეხის რაიონის გამგეობას ეხმარება და სხვადასხვა პროექტს აფინანსებს, მათ შორის ლაგოდეხის “ჰერეთის” საფეხბურთო გუნდს.
“ისაკო ცქიფურიშვილს არავითარი ბიზნესი არ გააჩნია და არავითარი მფარველობა არავისგან მჭირდება. გამომიყვანეთ თითქოს მე გამგებლის და მთავრობის მეგობარი ვარ” – განაცხადა ცქიფურიშვილმა.
ცქიფურიშვილმა 14 აგვისტოს უარი განაცხადა ლაგოდეხის გამგებელთან პირდაპირ ეთერში მოსვლაზე და გადაცემის წამყვანს განუცხადა, რომ გამგებელთან სადებატო არაფერი აქვს,რომ კახა ჯამბურია კარგად მუშაობს.
გადაცემაში გამგებელმა შეაქო ცქიფურიშვილიც და მას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
2014 წლის 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ცქიფურიშვილი “ქართული ოცნების” კანდიდატთან კახა ჯამბურიასთან დამარცხდა.
ისაკო ცქიფურიშვილი პოლიტიკაში 2003 წლიდან, საპარლამენტო არჩევნებდან გააქტიურდა, სადაც იმ პერიოდში “მოქალაქეთა კავშირიდან” ლაშა ნაცვლიშვილი (სამთავრობო კანდიდატი) იყრიდა კენჭს, ცქიფურიშვილი კი მისი კონკურენტი იყო, რომელიც საინიციატივო ჯგუფიდან დამოუკიდებელ კანდიდატად იყო წარდგენილი. როგორც მაშინდელი პრესა წერდა, ლაგოდეხელები მას კრიმინალურ ავტორიტეტად მოიხსენიებენ.
პერიოდულად, ცქიფურიშვილი სხვადასხვა პარტიასთან აქტიურად თანამშრომლობდა, მათ შორის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”, სადაც პროპორციული სიით იყო წარდგენილი.
ცქიფურიშვილი მედიასთან თავდასხმებითაც გამოირჩეოდა. 2007 წლის დეკემბერში, არჩევნების წინ, ცქიფურიშვილი ჰერეთის მფლობელს რამაზ სამხარაძეს ემუქრებოდა, თუ არ შეწყვეტავდა ეთერში ოპოზიციური აზრის გაშვებას, ისე დაარბევდნენ როგორც დაარბიეს 7 ნოემბერს “ტელე იმედი” და შეუჩერებდნენ მაუწყებლობის ლიცენზიას.
2008 წლის 5 იანვარს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ლაგოდეხის N15 საარჩევნო ოლქის N19 საარჩევნო უბანზე რადიო “ჰერეთის” ჟურნალისტს ხათუნა გოგაშვილს მან დიქტოფონი წაართვა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. – ეს ფაქტი როგორც სახალხო დამცველის ანგარიშში ,ასევე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაშიცაა ასახული.
დღემდე ყველა საქმე გამოუძიებელია.