მნიშვნელოვანისიახლეები

წულუკიანის თქმით თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება

საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება. ოქრუაშვილთან კითხვები ჰქონდათ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საკითხი კენჭისყრაზე კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა დააყენა და კომისიის წევრებმა საკითხს მხარი დაუჭირეს.

ის სხვადასხვა დროს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრი – ოქრუაშვილი 2006 წლის ნოემბრიდან აღარ იკავებდა თანამდებობას.

„ის ჩვენ გამოგვეხმაურა ფეისბუკპოსტის მეშვეობით, რითაც დასტურდება, რომ ის იმ დღეს „ლაივში“ ადევნებდა თვალს ჩვენს სხდომას. რა თქმა უნდა, იმ სხდომის განმავლობაში მას რამდენჯერმე მოვუწოდეთ გამოცხადებისაკენ – ამ წუთში არის ასეთი ვითარება, სახეზეა კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. შესაბამისად, შემოგთავაზებთ კენჭისყრაზე დავაყენოთ ეს საკითხი, რომ ეს შემთხვევაც გადაეგზავნოს პროკურატურას ირაკლი ოქრუაშვილს სამდივნოს წარმომადგენელი ტელეფონით დაუკავშირდა ჩვენს ხელთ არსებულ ერთ-ერთ ტელეფონის ნომერზე და ის აღმოჩნდა მოქმედი ნომერი. მან მოისმინა შეტყობინება, რომ დაბარებული იყო კომისიის სხდომაზე. ამის საპასუხოდ, თქვა, ეს ყველაფერი მომწერეთო და გათიშა. რა თქმა უნდა, სამდივნოს წარმომადგენელმა გაუგზავნა კომისიის ხელმოწერილი შეტყობინება, წერილი, რომ ამა და ამ დროს, ამა და ამ საათზე გთხოვთ, გამოცხადდეთ 2004 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების მოსაცემად. ამ შინაარსის წერილი გაუგზავნა ფელდეგერის ხელით, თბილისში, მის საცხოვრებელ მისამართზე. სულ მცირე, ორჯერ იყო ფელდეგერი ადგილზე და დაცვამ უპასუხა, რომ არავინ არ არის შინ, ირაკლი ოქრუაშვილი შინ არ ბრძანდება. ამის შემდეგ ფელდეგერი ჩავიდა ირაკლი ოქრუაშვილის მშობლიურ სოფელში, ტყვიავში, სადაც მას ასევე აქვს საცხოვრებელი სახლი. ის აღმოჩნდა ადგილზე და უარი განაცხადა შეტყობინების ჩაბარებაზე. ასევე, ის გამოგვეხმაურა ფეისბუქპოსტის მეშვეობით, რითაც დასტურდება, რომ იმ დღეს ლაივში ადევნებდა თვალს ჩვენს სხდომას. რა თქმა უნდა, იმ სხდომის განმავლობაში რამდენჯერმე მოვუწოდეთ გამოცხადებისაკენ. ამ წუთას არის ასეთი ვითარება, რომ სახეზეა კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. შესაბამისად, შემოგთავაზებთ, კენჭისყრაზე დავაყენოთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ეს შემთხვევაც გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა კენჭისყრის დაწყებამდე, რის შემდეგაც კომისიის წევრებმა საკითხს მხარი დაუჭირეს.

შეგახსენებთ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურაში ასევე გადაიგზავნა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძისა და „ლელოს“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის საქმეებიც.

ამავე კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე უარი თქვეს „თიბისი ბანკის“ მეწილეებმა და ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. „ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მათ წინააღმდეგაც მიმართა პროკურატურას.

„სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით, „დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა“ ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.

კომისიის შესახებ
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შემსწავლელი კომისიის შექმნაზე „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 9 იანვარს ისაუბრა. მამუკა მდინარაძის თქმით, კომისია შეისწავლის:

საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“;
მდინარაძემ აღნიშნა, რომ „2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“.

კომისია სამი თვის ვადით 5 თებერვალს შეიქმნა, რასაც მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 83-მა წარმომადგენელმა. კომისიაში სულ რვა წევრი მუშაობს:

„ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანი (კომისიის თავმჯდომარე), თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია;
ოპოზიციის კვოტა აითვისეს „ხალხის ძალისა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტების“ (ილია ინჯია) წარმომადგენლებმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button