წვევამდელების დეფიციტის მიუხედავად რუსეთს მათი რაოდენობის გაზრდა დასჭირდება
რუსეთმა უკრაინაში 148 690 ჯარისკაცი დაკარგა

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უახლოეს წლებში რუსეთში, შესაძლოა, წვევამდელების დეფიციტი იყოს.
“უახლოეს წლებში რუსეთში, შესაძლოა, წვევამდელების დეფიციტი იყოს. კომპენსაციისთვის ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, წვევამდელების რაოდენობის გაზრდა დასჭირდება. თუმცა, ასეთი ნაბიჯი დემოგრაფიული თვალსაზრისით, არახელსაყრელია”, – ნათქვამია განცხადებაში.
იანვრის შუა რიცხვებში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას შეეძლო ომში 500 000-მდე კაცის გამოძახება. თუმცა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უარყო ინფორმაცია მობილიზაციის მეორე ტალღის მომზადების შესახებ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება “რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად” მოიხსენია. 31 ოქტომბერს კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მობილიზაცია დასრულდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 148 690 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 27 თებერვლამდე პერიოდს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 3385
ჯავშანტექნიკა – 6621
საარტილერიო სისტემა – 2380
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 475
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 247
თვითმფრინავი – 300
ვერტმფრენი – 288
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2048
ფრთოსანი რაკეტა – 873
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5248
სპეცტექნიკა – 230
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.