ცვლილება ,,ქართულ ოცნებაში,,-ირაკლი ქარსელაძეს ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე შეცვლის

„ქართული ოცნების“ მთავრობაში მორიგი ცვლილებაა – ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე თანამდებობას ტოვებს და მას თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ (რეზი) სოხაძე ანაცვლებს.
ეს ინფორმაცია ქარსელაძესთან და სოხაძესთან ერთად 24 აპრილს 17:00 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ქარსელაძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ირაკლი კობახიძის თქმის, თანამდებობას რევაზ სოხაძე დაიკავებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ თხოვნით გუშინ მიმართა. ირაკლი კობახიძემ მინისტრის თანამდებობაზე ქარსელაძის საქმიანობა შეაფასა, როგორც წარმატებული და მადლობა გადაუხადა.
„ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო თანამდებობის დატოვების თაობაზე. შესაბამისი თხოვნით მან გუშინ მომმართა, რაზეც გვქონდა საუბარი. მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც წლების განმავლობაში დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მთელი ამ წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი: საავტომობილო გზების, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების მართვის, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, მუნიციპალური განვითარების და მრავალი სხვა მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა ირაკლი ქარსელაძეს მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და ბევრი წარმატებული პროექტისთვის, რომელიც მისი ხელმძღვანელობით და მის მიერ განხორციელდა.
ასევე, მინდა წარმოგიდგინოთ რევაზ სოხაძე რომელიც დაინიშნა მინისტრად. ის არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი, მას აქვს განათლება მიღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით. ის წლების განმავლობაში მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე. 2017 წლიდან არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე, მინდა რევაზ სოხაძეს ვუსურვო წარმატება მინისტრის პოზიციაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ირაკლი ქარსელაძე ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა, ხოლო რევაზ სოხაძე თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიას ხელმძღვანელობდა.
წილად მხვდა ბედნიერება და პატივი, რომ მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის აღმშენებლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ – შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა განვითარების თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე ავიდა, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს და რევაზ სოხაძეს, რომელიც მინისტრის თანამდებობაზე ქარსელაძეს შეცვლის და საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„პირველ რიგში, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან დიდი მადლობა ასეთი მაღალი შეფასებისთვის, თბილი სიტყვებისთვის. წილად მხვდა ბედნიერება და პატივი, რომ მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის აღმშენებლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ და ბუნებრივია ამ შესაძლებლობებისთვის, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო, ბიძინა ივანიშვილს, მთლიანად “ოცნების” გუნდს. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ის შედეგები, რაც მივიღეთ. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა განვითარების თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე ავიდა, რაც რა თქმა უნდა კიდევ გაგრძელდება, კიდევ უფრო დაწინაურებული და წარმატებული იქნება. ბუნებრივია შეუძლებელი იქნებოდა ამ მიზნის მიღწევა და ამოცანების შესრულება, რომ არა ერთიანი ძალისხმევა და გუნდი. ბუნებრივია, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამთავრობო გუნდს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თითოეულ ჩემს კოლეგა მინისტრს, მათ მოადგილეებს. ამასთან, სამინისტროების ყველა იმ ადამიანის, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები. ამ ძალისხმევით ხდებოდა სწორედ ამ შედეგის მიღება. დიდი მადლობა საპარლამენტო გუნდს, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით და თითოეულ დეპუტატს, რომელიც ასევე, ძალიან აქტიურად იყო ჩართული. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, იმ პროფესიონალს, რომელიც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობდა, მუშაობს და მხარდამხარ ვახორციელებდით ამ საქმეს. რა თქმა უნდა, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მუნიციპალური განვითარების, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, ყველა კონტრაქტორს და ყველა იმ პროფესიონალს, რომელიც ასრულებდა ღირსეულად, წესიერად და პატიოსნად ყველა იმ საქმეს, რომლის შედეგადაც ჩვენ ასეთი უპრეცედენტო პროექტების განვითარების ეტაპი გადავლახეთ. გრძელდება ეს ყველაფერი, რაშიც ბუნებრივია, ბატონ რევაზს მინდა დიდი წარმატება ვუსურვო. გამომდინარე იმ დიდი მნიშვნელობიდან, რომელიც ამ პროექტებს გააჩნია. ბევრი მიმდინარეა, ბევრია ახალი პროექტი, შესაბამისად, დიდი წარმატება თქვენ, ჩვენს ქვეყანას და მთლიანად ჩვენს გუნდს. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მგულშემატკივრობდა და ასევე, ობიექტური კრიტიკით გვავსებდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო უკეთესები ვყოფილიყავით”, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
რეზი სოხაძე ამ დრომდე იყო სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი და ამავე დროს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე.
ირაკლი ქარსელაძე 2021 წლიდან იკავებდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას. 2025 წლის აპრილში ეს სამინისტრო გაყვეს და ქარსელაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრად გააგრძელა მუშაობა.
რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატად კობახიძემ თავდაპირველად, 2 აპრილს, დაასახელა გრიგოლ ლილუაშვილი, – რომელიც მანამდე სუსის უფროსის პოსტს იკავებდა.
თუმცა 4 აპრილს გაირკვა, რომ შეუთანხმებლობის გამო ლილუაშვილი ამ პოსტს აღარ დაიკავებდა.
სამთავრობო ცვლილებები
გრიგოლ ლილუაშვილმა ვადაზე ადრე დატოვა სუსის ხელმძღვანელის თანამდებობა;
მისთვის „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ორად გაყო და რეგიონული მინისტრის პოსტზე წარადგინა;
ლილუაშვილი თანამდებობაზე იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა ჩაანაცვლა;
წარდგენიდან ორ დღეში ლილუაშვილი და „ქართული ოცნება“ ვერ შეთანხმდნენ, როგორც კობახიძე ამბობს, „მოადგილეების საკითხზე”. გადაწყდა, რომ ის მინისტრი აღარ იქნება.
რეგიონულ სამინისტროს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი უხელმძღვანელებს.
შეიცვალა აჭარის მთავრობის მეთაურიც – თორნიკე რიჟვაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა სულხან თამაზაშვილმა ჩაანაცვლა.
გრიგოლ ლილუაშვილი პოლიტიკაში მოსვლამდე სამშენებლო სფეროში იყო.
2014-2016 წლებში იყო შპს „ოლდ სიტი დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი. მანამდე ერთი წელი შპს „ბურჯის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
კომპანია „ოლდ სითი დეველოპენტი” ბიძინა ივანიშვილის „პანორამა თბილისის” პროექტზე მუშაობდა.
ეს ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიაა, რომლის ხელმძღვანელიც ლილუაშვილის გენერალური დირექტორობისას სწორედ ირაკლი ქარსელაძე იყო.