,,ცვლილებები არსებითად ზღუდავს საარჩევნო პროცესის ეფექტიანად დაკვირვების შესაძლებლობას,,-ISFED
საქართველოს მე-5 პრეზიდენტის თქმით ცესკო-ს ახალი დადგენილება "კარუსელის ლეგალიზებას" ნიშნავს

ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ “კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ცვლილებები არსებითად ზღუდავს საარჩევნო პროცესის ეფექტიანად დაკვირვების შესაძლებლობას.
“სამართლიანი არჩევნები” ასევე წერს, რომ ცესკოს დადგენილებაში შეტანილ ზემოთ აღნიშნულ ცვლილებებს სასამართლოში გაასაჩივრებს.
“სამართლიანი არჩევნები” ეხმაურება 2025 წლის 3 აპრილს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც არსებითად ზღუდავს კენჭისყრის დღეს დამკვირვებელთა უფლებრივ მდგომარეობას და საარჩევნო პროცესის ეფექტიანად დაკვირვების შესაძლებლობას.
დადგენილებას ემატება შემდეგი შინაარსის მუხლი, რომელიც კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უკრძალავს:
კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხებას;
ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებული დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნას, მათ შორის, გამორთმევას;
ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღებას ან სხვაგვარი დამუშავებას.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, დამკვირვებელს უფლება აქვს, კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპზე ნებისმიერი ადგილიდან, რაც მათ შორის გულისხმობს კენჭისყრის ყველა პროცედურისა და ეტაპის სრულყოფილი დაკვირვების შესაძლებლობას.
დამკვირვებლის უფლება, დარღვევის აღმოჩენის მიზნით, შეამოწმოს ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მათი ვერიფიკაციის პროცესი, წარმოადგენს არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარების მნიშვნელოვან წინაპირობას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაცია, ფაქტობრივად, ერთი პარტიის გავლენის ქვეშ არის და მის მიმართ ნდობა დაბალია, დამკვირვებელთა უფლებების უფრო მეტად შეზღუდვა შესაძლო დარღვევების დროულად გამოვლენისა და აღკვეთის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებს, ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოში ფართოდ გავრცელებული ისეთ არსებით დარღვევებს, როგორიცაა არასათანადო საიდენტიფიკაციო დოკუმენტით ხმის მიცემა, სხვის ნაცვლად და/ან მრავალჯერადი ხმის მიცემა. „სამართლიანი არჩევნები” ცესკოს დადგენილებაში შეტანილ ზემოთ აღნიშნულ ცვლილებებს სასამართლოში გაასაჩივრებს,” – წერია ISFED-ის განცხადებაში.
სამართლიანი არჩევნების (ISFED) ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალ დადგენილებას ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნული დადგენილება კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას ზღუდავს.
ამასთან, დოლიძე აღნიშნავს, რომ ამ დადგენილებით დამკვირვებლები ე.წ. კარუსელის შემთხვევებს ვეღარ აღმოაჩენენ.
“ცესკო-მ დადგენილებით ცვლილებები მიიღო, რომელიც ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას. განსაკუთრებით პრობლემურია შემდეგი – კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ პირს, ეკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა.
ამ ცვლილებით, დამკვირვებლები ვეღარ შეძლებენ აღმოაჩინონ პირები, რომლებიც სხვის ნაცვლად ცდილობენ ხმის მიცემას (ე.წ. “კარუსელი”), რაც არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ მთავარ მეთოდს წარმოაგენს”, – წერს დოლიძე.
3 აპრილს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, გამართულ სხდომაზე, კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ დადგენილებებში ცვლილებები შეიტანა.
ცესკო-ს მიერ შეტანილი ახალი ცვლილებით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ ადამიანს, ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩვენების მოთხოვნა, ასევე მისი გამორთმევა ეკრძალება.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს ახალ დადგენილებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს ცვლილება “კარუსელის ლეგალიზებას” ნიშნავს.
“საინტერესოა, რას აკეთებს რეჟიმი საარჩევნო კუთხით, ცესკო-ში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ აღიარებაა იმისა, თუ რა ფორმით მიდიოდა (ერთ-ერთი ფორმა ყოველ შემთხვევაში გაყალბების), რომელიც იყო ის, რომ არ სთხოვდნენ ადამიანებს პირადობის დამტკიცებასა და დადასტურებას და დღეს, უკვე მიიღეს ცვლილება, რომელიც არის ამ “კარუსელის” ლეგალიზება.
ეს მაჩვენებელია იმისა, რომ ძალიან ნერვიულობენ ერთის მხრივ და ემზადებიან არჩევნებისთვის. ვისაც ეჭვი აქვს, რომ იძულებული გახდებიან, რაღაც მომენტში, რომ დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები, სჯობს უყუროს იმას, თუ რას აკეთებენ, თუ რამდენად ემზადებიან. იციან, რომ მოუწევთ არჩევნების დანიშვნა და ამისთვის ყველა კუთხით, ეს არის მაქსიმალურად ყველაფრის დაზღვევა, მაგრამ ესეც არ გამოუვათ.
ეს ნიშანია ჩვენთვის, წინააღმდეგობის პლატფორმისთვის, რომ ჩვენც მზად უნდა ვიყოთ და მზადყოფნა ნიშნავს პირველ რიგში იმას, რომ დამკვირვებლების ჯარი იყოს მომზადებული და დღესვე დავიწყოთ ამის მზადება – ეს არის სწორი გზა და ჩვენ ყველანი ერთად ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ”, – თქვა ზურაბიშვილმა.
“კარუსელის” შემთხვევებზე, როგორებიცაა ერთი ამომრჩევლის მიერ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა, ასევე სხვისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ან პასპორტით არჩევნებში მონაწილეობა, დამკვირვებელი ორგანიზაციები საქართველოში ელექტრონული წესით პირველად 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ავრცელებდნენ ინფორმაციას.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს პრეზიდენტმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნების შედეგების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა ეუთო/ოდირმაც. სხვადასხვა ანგარიშის მიხედვით, არჩევნებზე დაირღვა ხმის ფარულობის პრინციპი, ასევე იყო ამომრჩევლების მოსყიდვის, დაშინების, საარჩევნო პროცედურის დარღვევის მრავალი შემთხვევა.
პროკურატურა არჩევნების გაყალბების საქმეზე გამოძიებას 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აწარმოებს, თუმცა პროცესის მიმართ ფართო პოლიტიკურ სპექტრში სანდოობის არარსებობის პირობებში, სახელმწიფო უწყებების წლების განმავლობაში მზარდი პოლიტიზაციის შესახებ ეჭვების ფონზე.
პროკურატურამ 2025 წლის 15 იანვარს გაასაჯაროვა ინფორმაცია არჩევნების გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგებზე.
2025 წლის 25 იანვარს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ბუნებაში არ არსებობს არავითარი ფაქტი და მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით“.
შვიდი თვით ადრე, დღის წესრიგში ადგილობრივი არჩევნების საკითხის შემოტანა არის ბიძინას სცენარის შეგნებულად, თუ შეუგნებლად გატარება! – ამის შესახებ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, მოთხოვნა იგივეა – „ახალი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება!“
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ – 7 თვით ადრე, დღის წესრიგში ადგილობრივი არჩევნების საკითხის შემოტანა არის ბიძინას სცენარის შეგნებულად, თუ შეუგნებლად გატარება!
ეს არის აღიარება, რომ ოპოზიცია ახალ არჩევნებს ვერ აღწევს.
ეს არის აღიარება, რომ ოქტომბრამდე სინდისის პატიმრებს ვერ ათავისუფლებ.
ეს ნიშნავს, რომ მთელი მედიასივრცე და საზოგადოების ყურადღებაც ამ თემისკენ გადართო.
ჩვენი მოთხოვნა იგივეა – ახალი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება!
ეს არის დღეს მთავარი საკითხი!” – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.