მნიშვნელოვანისიახლეები

TV პირველის ჟურნალისტებს კოვიდ-19-ზე ხვალ დატესტავენ

ტელეკომპანია „პირველის“ წამყვანი და პროდიუსერი ინგა გრიგოლია ფეისბუკზე წერს, რომ მის თანამშრომელს, ვიკა ბუკიას კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აქვს.

დანარჩენი ჟურნალისტები თვითმონიტორინგის რეჟიმში რჩებიან და აგრძელებენ მუშაობას.

მისივე განცხადებით, კოვიდზე ტესტი არხის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდება.

“ასე ხდება, ვაშუქებთ, ვაშუქებთ და მერე საკუთარ თავზეც გვიწევს გამოცდა. ხუთშაბათს მქონდა გადაცემა კოვიდ პანდემიაზე, ხომ არ აფეთქდა მეორე ტალღა-მეთქი. არ მეგონა, თუ ეს ტალღა ასე ახლოს იყო ტელევიზიასთან”. – ამბობს ინგა გრიგოლია.

“დღის ბოლოს ვიკას სუსტად დადებითი პასუხი აქვს, შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გვითხრა, რომ ხვალ შუადღემდე ვიყოთ თვითმონიტორინგის რეჟიმში. ტელევიზია ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას და კომპანიამ გადაწყვიტა, ყველა თანამშრომელს ჩაუტაროს ტესტი ხვალ დილიდან.
სიმპტომი არავის აქვს, ყველა გადასარევად გრძნობს თავს და ვმუშაობთ ისევე,როგორც აქამდე. ვიკა ბუკიას კი, რომელიც ორშაბათიდან გიორგი ნიორაძესთან ერთად, ახალ გადაცემას იწყებდა ტვ პირველზე“, მალე გამოჯანმრთელებას და სამსახურში სწრაფად გამობრჭყვიალებას ვუსურვებ“, – წერს გრიგოლია.

ლევან გოგიჩაიშვილი

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, კოვიდ-19 დაუდასტურდა საქართველოს პარლამენტის წევრს, დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს. გოგიჩაიშვილი სწორედ ვიკა ბუკიას მეუღლეა.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, კვირაზე მეტია ქალაქიდან არ გასულა, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია სად და რა ვითარებაში დაინფიცირდა. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა პარლამენტშიც დაინფიცირდა, რადგან ბოლო დღეებში მანდ იყო მისული. გოგიჩაიშვილის თქმით, მას შემდეგ რაც იგრძნო კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ლუგარის ლაბორატორიას მიმართა და პასუხი დადებითი იყო.

გოგიჩაიშვილის თქმით, თავისი კონტაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს.

საქართველოში აქამდე დადასტურებული 1773 შემთხვევიდან, ლევან გოგიჩაიშვილი პირველი პარლამენტარია, ვისაც კოვიდ-19 აღმოაჩნდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button