BBC-ის ცნობით, Twitter-მა 12 საათით და Facebook-მა 24 საათით ტრამპის ანგარიშები დაბლოკეს.
Twitter-ში აცხადებენ, რომ თუ ტრამპი კვლავ დაარღვევს წესებს, შესაძლოა, მისი ანგარიში სამუდამოდ დაიბლოკოს. Facebook-ში კი აცხადებენ, რომ მათ წაშალეს ტრამპის ვიდეო, რომელიც ზრდიდა ძალადობის რისკებს. აღსანიშნავია, რომ ტრამპის ვიდეო YouTube- მაც წაშალა.
არჩევნების შედეგების არაღიარების გამო მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და იმ სხდომის ჩაშლა სცადეს, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამოწმებულიყო.
დემონსტრანტების კონგრესის შენობაში შეჭრის შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, ხოლო დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავი, არმიამ კი სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია გაგზავნა.
შენობაში შეჭრის შემდეგ კაპიტოლიუმში ლოკდაუნი გამოცხადდა, სენატორები და კონგრესმენები უსაფრთხოების მიზნით თავიანთ კაბინეტებში იმყოფებოდნენ, ვაშინგტონის მერმა კი ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა შენობაში ხელნაკეთი ბომბი გაანეიტრალეს, რომელიც აფეთქების რეალურ რისკებს შეიცავდა.
თავად პრეზიდენტმა ტრამპმა Twitter-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც მომიტინგეებს სახლში წასვლისკენ მოუწოდა, თუმცა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას და მის მხარდამჭერებს არჩევნები მოპარეს.
შემდეგ Twitter-ის პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ კაპიტოლიუმის შენობაში მომიტინგეთა შეჭრა სწორედ პატრიოტი ამერიკელებისთვის არჩევნების გაყალბების შედეგია.
შტურმამდე სენატორებსა და კონგრესმენებს შორის მწვავე დებატები მიმდინარეობდა. ტრამპის მომხრე რესპუბლიკელები ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და რომ დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატს და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ლეგიტიმურად არ გაუმარჯვია.
სხდომის თავმჯდომარემ მაიკ პენსმა ტრამპის მომხრეების პოზიციის საპირისპიროდ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვების რატიფიცირების პროცესს ხელს არ შეუშლიდა. სენატში რესპუბლიკელების თავმჯდომარის მიჩ მაკონალის თქმით კი, ამომრჩეველთა ნების უგულებელყოფა რესპუბლიკას სამუდამოდ დააზიანებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ყველა სასამართლო ინსტანციამ, მათ შორის, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ, არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა, დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს დღემდე არ აღიარებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ყველა სასამართლო ინსტანციამ, მათ შორის, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ, არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა, დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს მაინც არ აღიარებს.
ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება, თეთრი სახლის ადმინისტრაციას კი ტრანზიციის პროცესი უკვე დაწყებული აქვს.