მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

უარყოფითად შეფასებული დეკლარაციები კახეთში და მერების პასუხი

საჯარო სამსახურის ბიურომ კახეთში 11 თანამდებობის პირის 2020 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას, უარყოფითი შეფასება მისცა. უარყოფითად შეფასებულ დეკლარაციებს შორის, სამი მუნიციპალიტეტების მერებს, ორი კი საკრებულოს თავმჯდომარეს ეკუთვნის.

საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ერბოწონაშვილის დეკლარაციაში აღმოჩნდა ცდომილება თანამდებობის პირის საბანკო ანგარიშის ნაშთში. გარდა ამისა, დეკლარაციაში არ იყო მითითებული თანამდებობის პირის საბანკო ანგარიშები და ინფორმაცია თანამდებობის პირის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

უარყოფითი შეფასება მიიღო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ოთარ ჩალათაშვილის ქონებრივმა დეკლარაციამაც. საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის დეკლარაციაში იყო ცდომილება თანამდებობის პირისა და ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშების ნაშთში. ასევე დეკლარაციაში არ იყო მითითებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში. საკრებულოს თავმჯდომარემ არ წარადგინა ბიუროს მიერ მოთხოვნილი საბანკო ინფორმაცია და არ ასახა დეკლარაციაში, ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა. ცდომილება დაფიქსირდა, თანამდებობის პირის ოჯახის წევრის ანაზღაურებაშიც.

საჯარო სამსახურის ბიურომ უარყოფითად შეაფასა თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც.

მერის დეკლარაციაში არ იყო ასახული ინფორმაცია თანამდებობის პირის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.
უარყოფითად შეფასდა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ სესიაშვილის დეკლარაციაც.

ბიუროს ინფორმაციით, სესიაშვილს დეკლარაციაში არ ჰქონდა მითითებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრის უძრავი ქონება, ასევე იყო ცდომილება მისი ოჯახის წევრის უძრავი ქონების ფართში, თანამდებობის პირის საბანკო ანგარიშის ნაშთში და პირის ხელშეკრულების მატერიალურ შედეგში.

მერმა დეკლარაციაში არ მიუთითა ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები და არ ასახა ინფორმაცია თანამდებობის პირის და ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

უარყოფითი შეფასება მიიღო ყვარლის საკრებულოს თავმჯდმარის, დავით ქევხიშვილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციამაც. დავით ქევხიშვილმა, რადიო ჰერეთთან, დეკლარაციაში დაშვებული შეცდომების ფაქტი დაადასტურა.

“ნამდვილად დამაჯარიმეს დაშვებული უზუსტობებისათვის. მაქსიმალურად ვეცდები ყველაფერი გავასწორო. რაღაც შეიძლება მართლაც გამომრჩა”- განაცხადა ქევხიშვილმა.

დეკლარაციაში დაშვებული უზუსტობების შესახებ ინფორმაციას ფლობენ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების მერებიც.

“მქონდა ბიზნესი, რომელიც უკავშირდება მეღვინეობას, წილების მართვაც გადაცემული აქვს სხვა პირს. ერთ- ერთ ბანკში კომპანიას ნამდვილად ჰქონდა ანგარიში, რომელიც გამომრჩა, როგორც ჩანს. აქ ლაპარაკია ანგარიშებზე, რომელიც გვაქვს, აღარ ვიყენებთ და სემდეგ გვავიწყდება”-თქვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ერბოწონაშვილმა.

ყვარლის მერმა, როატომ სესიაშვილმა კი, ცდომილებები დეკლარაციაში, ადამიანურ ფაქტორებს დაუკავშირა.
” ადამიანი ვარ, რაღაც შეიძლება გამომრჩა. გასულ წელსაც მქონდა უზუსტობები, ბიზნესში არსებულ წილებთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგ გავასწორე. ახლაც ვმსჯელობდი, როგორ აღმოვფხვრა ეს შენიშვნებიც, ახალი დეკლარაციის შევსების დროს” – თქვა სესიაშვილმა.

საჯარო სამსახურის ბიუროს უარყოფითი შეფასება მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტის მერმა არ გაიზაიარა.
შოთა ნარეკლიშვილის განმარტებით, მსგავსი დარღვევა მის დეკლარაციაში, არ დაფიქსირებულა.

” ჩემი დეკლარაცია არ შეფასებულა უარყოფითად და არც არანაირი გაფრთხილება არ მიმიღია. მსგავსი პრობლემა არ არსებობს” – განაცხადა ნარეკლიშვილმა.

დაშვებული უზუსტობებისათვის, საჯარო სამსახურის ბიურომ სამ პირს გაფრთხილება მისცა, ერთი კი დააჯარიმა.

თანამდებობის პირებს, ქონებრივი დეკლარაციების წელიწადში ერთხელ შევსების ვალდებულება აქვთ.

 

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button