უცნობმა ვერტმფრენმა ფინეთის საჰაერო სივრცე რუსეთის ტერიტორიიდან დაარღვია

უცნობმა ვერტმფრენმა ფინეთის საჰაერო სივრცე, ფინეთის ყურის აღმოსავლეთის მხრიდან, რუსეთის ტერიტორიიდან დაარღვია, – გადმოსცემს ფინეთის სასაზღვრო სამსახური.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ საჰაერო ხომალდმა ადგილობრივი დროით 10:11 წუთზე, რუსეთ-ფინეთის საზღვარი, კუნძულ ჰააპასაარის აღმოსავლეთით არალეგალურად გადალახა და ფინეთის ტერიტორია 9 კილომეტრით დაარღვია.

ფინეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ვერტმფრენის ეკიპაჟთან დაკავშირება რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ რეაგირება ვერ მიიღეს. თუმცა ბოლო გაფრთხილების შემდეგ ვერტმფრენმა ფინეთის ტერიტორია დატოვა.

როგორც სააგენტო ТАСС-ი გადმოსცემს, ვერტმფრენი ფინეთის ტერიტორიაზე 6 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

ფინელმა მესაზღვრეებმა ინციდენტის გამოძიება დაიწყეს. შედეგები, წესისამებრ, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button