უძრავ ქონებაში უცხოური ინვესტიციები 93 %-ით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, რიგ სექტორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ, უცხოური ინვესტიციები ყველაზე მეტად შემცირდა: უძრავი ქონებაში -93%-ით, მშენებლობაში – 79,6%-ით და დამამუშავებელ მრეწველობაში – 31,9%-ით.
რაც შეეხება კონკრეტულ სექტორებს, სადაც ინვესტიციები შემცირდა, ისინი ასე გამოიყურება:
უძრავი ქონების სექტორი 2019 წელს – 8,7 მლნ აშშ დოლარი; 2018 წელს – 130,7 მლნ აშშ დოლარი
მშენებლობა 2019 წელს 35,3 მლნ აშშ დოლარი; 2018 წელს – 173,8 მლნ აშშ დოლარი
სამთომოპოვებითი მრეწველობა 2019 წელს 52,4 მლნ აშშ დოლარი; 2018 წელს – 62,3 მლნ აშშ დოლარი
დამამუშავებელი მრეწველობა 2019 წელს – 115,3 მლნ აშშ დოლარი; 2018 წელს – 169,5 მლნ აშშ დოლარი
საფინანსო სექტორი 2019 წელს – 272,1 მლნ აშშ დოლარი; 2018 წელს – 274,0 მლნ აშშ დოლარი
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 2019 წელს – 126,8 მლნ აშშ დოლარი; 2018 წელს – 163,1 მლნ აშშ დოლარი
ცნობითვის, დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 310,8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მონაცემებზე 0.3 %-ით მეტია და 3.4 %-ით აღემატება 2019 წლის წინასწარ მონაცემებს. 2018 წელს საქართველოში 1,306 მლრდ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48,4% შეადგინა. 2018 წელს კი, ეს მაჩვენებელი 33,2% იყო.
რაც შეეხება 2020 წლის პირველი კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებს, წელს 171, 800 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.