მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალება ივანიშვილს, გახარიას, თალაკვაძეს წინასწარ შევატყობინე”

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე გადაწყვეტილება მან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეატყობინა. ამის შესახებ პრეზიდენტმა “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში ისაუბრა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სრულიად დამოუკიდებლად მიიღო, თუმცა მისი თქმით, არ შეიძლებოდა, რომ ეს შეწყალება სრულიად მოულოდნელი ყოფილიყო სახელმწიფო შტოებისთვის.

“ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, სხვათა შორის, ამ გადაწყვეტილებაზე და როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, შევატყობინე იმ შტოებს, ინსტიტუტებს ქვეყნის, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი. კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და ქართული ოცნების თავმჯდომარეს, — ბიძინა ივანიშვილს”. — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მოისმინეთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ხმა.

ქართული ოცნების ლიდერები ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ მათ პრეზიდენტის გადაწყვეტილება პირდაპირ ეთერში, ტელევიზორის საშუალებით გაიგეს და ეს ყველაფერი მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. პარტიის ლიდერებმა შეწყალებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას “გულდასაწყვეტი” და “არაპოპულარული” უწოდეს. დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, ხოლო ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პრინციპულად არ ეთანხმებიან სალომე ზურაბიშვილის, რომ ორი პოლიტიკოსის ციხეში ყოფნა ქვეყანას საფრთხეს შეუქმნიდა.

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. მან აღნიშნა, რომ ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან პოლიტპატიმრები ქვეყანას არ ჰყავს და ეს შეწყალება ჩვეულებრივ ჰუმანურ პრინციპებს არ ეფუძნება. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე იდგა და პრეზიდენტი ვერ დაუშვებდა პოლარიზაციასა და დაპირისპირებას.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორებმა და ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ შეთანხმება სრულად შეასრულოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button